პაატა იმნაძე: ინდური შტამით იდენტიფიცირებულია 5 ადამიანი, სამი უცხოელი იყო და უკვე წავიდნენ, ორი აქაურია – ყველა კონტაქტი ვიცით

,,ინდური შტამით იდენტიფიცირებულია 5 ადამიანი, სამი უცხოელი იყო და უკვე წავიდნენ, ორი აქაურია – ყველა კონტაქტი ვიცით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შტამები მუდმივად იქნება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

,,შტამების ქვეყნებთან დაკავშირება ცოტა უხერხულია, ამიტომ, ჯობს, ნომრებით ვილაპარაკოთ. თითოეულ შტამს თავისი ნომერი აქვს. B1.617.2 – ინდური შტამის ნომერია, რომელიც აერთიანებს ორ მუტაციას, ეს მუტაციები სხვადასხვა ტიპის კორონავირუსში ადრეც გვხვდებოდა, თუმცა, პირველად სწორედ ინდოეთში გაერთიანდნენ. ერთადერთი, რაც ყველა ამ შტამს ახასიათებს, განსაკუთრებით – ბრიტანულსა და ინდურს, არის ის, რომ უფრო ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და უფრო სწრაფად ვრცელდება.

ჯანმო-მ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ დღეს მოქმედი ვაქცინები ეფექტიანია ყველა ახალი ვარიანტის შემთხვევაშიც. ინდოეთში გამოიყენება ,,ასტრაზენეკა” და მასთან ერთად – ინდური წარმოების ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც იმავე ტექნოლოგიით არის დამზადებული, რომლითაც ,,სინოვაკი” და ,,სინოფარმი”. ეს ვაქცინები იცავს მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილისგან.

ინდოეთშიც დაახლოებით იგივე მოხდა, რაც ჩვენთან შემოდგომაზე – ყველას ეგონა, რაკი პირველი ტალღა პრაქტიკულად თავიდან ავიცილეთ, მაგრები ვართ და ,,კოვიდი” ვერაფერს დაგვაკლებსო. ინდოეთშიც ირწმუნეს, რომ ,,კოვიდი” ვერ მოერეოდათ. ამან გამოიწვია ასეთი ძლიერი მესამე ტალღა. შესაბამისად, სამედიცინო სისტემასაც ძალიან გაუჭირდა.

ახალი შტამები მუდმივად იქნება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საბედნიეროდ, კორონავირუსი იმდენ მუტაციას არ განიცდის, როგორსაც, მაგალითად, გრიპის ვირუსი. თუმცა, ყველა ვირუსი, მეტნაკლებად, ცვალებადია. მოდი, ასე ვთქვათ, კორონა ცდილობს, უკეთესად მოერგოს ადამიანთა პოლულაციას და, შესაბამისად, რაც მეტ ადამიანს მოივლის, მით მეტია შანსი, მისი ახალი ვარიანტები გაჩნდეს.

ინდური შტამით იდენტიფიცირებულია 5 ადამიანი. მათგან სამი უცხოეთის მოქალაქე იყო და უკვე წავიდნენ. აქ ჩამოსვლისას ისინი არ იყვნენ ავად, ინკუბაციის პერიოდი ჰქონდათ (სულ სამი დღით იყვნენ ჩამოსული) და წასვლისას გამოუვლინდათ. ორი აქაურია, მაგრამ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. მათი ყველა კონტაქტი ვიცით, ასე რომ, იმედი გვაქვს, არ გავრცელებულა.

ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, დღეში 4 ათასს გასცდა. იმედია, წლის ბოლომდე რაც დაგეგმილი გვაქვს, შევასრულებთ. მთავარია ვაქცინებით მომარაგება იყოს სტაბილური”, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, რეალურია მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები