ბიძინა კულუმბეგოვი: არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს

“არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის „ინდურ შტამზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელების თვალსაზრისით, „ინდური შტამი“ „ბრიტანული ვარიანტისგან“ არსებითად არ განსხვავდება.

„ინდური ვარიანტი“ აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე ფარგალია, რაც „ბრიტანული შტამი“, რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია. შესაბამისად, აქ არაფერი გადაცემის სიხშირისა და სისწრაფის თვალსაზრისით არ შეცვლილა. ჯერჯერობით, არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. მოქმედებს თუ არა „ინდურ ვარიანტზე“ თანამედროვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, ინფორმაციას, რომელსაც დღეს ვფლობთ, მტკიცებითი მედიცინის პოზიციიდან, მხოლოდ „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ეხება. მათი ეფექტურობა შემცირებულია, მაგრამ ეს ეფექტურობა „ფაიზერისთვის“ შემცირებულია 94%-დან 88%-მდე, „ასტრაზენეკასთვის“ 66%-დან 60%-მდე. რაც შეეხება „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ , ჯერჯერობით, ასეთი კვლევა არ გვაქვს, შესაბამისად, არ ვიცით, მტკიცებითი ფორმატით ვამტკიცოთ მოქმედებენ თუ არა. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ზუსტი ანალოგი, ვაქცინა აქვს ინდოეთს. ეს არის ვაქცინა, რომელსაც „კოვაქსინი“ ჰქვია. სამედიცინო ლოგიკიდან გამომდინარე, სანამ კვლევები შემოგვესწრება, ყველას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ინაქტივირებული ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან დაიცავს ადამიანებს“, – აღნიშნავს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები