სალომე სამადაშვილი – უმრავლესობას: ხანდახან მგონია, პარალელურ სამყაროში ხართ, ძვირფასო კოლეგებო და არ იცით, რა ხდება ქუჩაში
“რატომ არის ქვეყანაში ორი საქართველო? ერთი საქართველო, რომელიც აქ სხედხართ და მეორე – სადაც უკლებლივ ყველა ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს, საქართველო, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის”, – ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, პარლამენტში ქვეყანაში არსებულ კითხვებზე პასუხები უნდა ისმოდეს.
„ხვალ არის 26 მაისი და 30 წელიწადია, ამ დღეს აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, ოღონდ ხვალინდელ დღეზე რომ ვფიქრობ, ერთი შეკითხვა მაქვს – რანაირ სახელმწიფოსა და ქვეყანაში ვხვდებით ამ დღეს – იმ ქვეყანაში, რომელიც გვესმის ხოლმე მარჯვენა ფლანგიდან და წარმოსახვითი სახელმწიფოა თუ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე, რომელიც აქ თქვენ შორის არ ზის?! მეორე, მესამე კვირაა, აქ ვარ და ხანდახან მგონია, რომ პარალელურ სამყაროში ხართ, ძვირფასო კოლეგებო და არ იცით, რა ხდება ქუჩაში, არ იცით, სად ცხოვრობს ჩვენი ხალხი, არ იცით, რა პრობლემებია ამ ადამიანების წინაშე და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები, როდესაც ვისმენ ამ დარბაზში თქვენს ოდიოზურ სადღეგრძელოებს, რომელიც შეურაცხმყოფელია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ახლა მინდა, რეალურად შეგახსენოთ, სად ცხოვრობთ და სად ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეები და თქვენ ვის წარმოადგენთ, რატომ არის ქვეყანაში ორი საქართველო. ერთი საქართველო, რომელიც აქ სხედხართ და მეორე – სადაც უკლებლივ ყველა ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. მეორე საქართველოა ჭიათურაში, საქართველო რომელიც არის ბორჯომში, საქართველო, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. ასევე ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში, რადგან ვერ გაიგეს პასუხი ვერც ერთ კითხვაზე, რაც უკავშირდება ჰესის მშენებლობას და დასცინის მათ თქვენი პრემიერ-მინისტრი და „ბნელებს“ ეძახის იმის ნაცვლად, რომ პასუხი გასცეს კითხვებს. ის საქართველო თქვენგან ითხოვს პასუხს და ეს პასუხები უნდა ისმოდეს პარლამენტში”, – განაცხადა სამადაშვილმა.