აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართა

აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის – „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე” – ფარგლებში მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების ზეპირი მოსმენა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, მოწვეული იყვნენ თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების ავტორები. სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა თემატური ჯგუფის წევრებს გააცნეს კვლევის საგანთან დაკავშირებული დასაბუთებული მოსაზრებები თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობებით განსაზღვრული შეკითხვების შესაბამისად. შეხვედრა ძირითადად დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მოწვეულმა სტუმრებმა დეტალურად უპასუხეს თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრთა კითხვებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა ევროპის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ინაურმა წარმოადგინა. როგორც მან განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირთან გვაქვს ასოცირების შეთანხმება, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი იმ მოცულობით მაინც ვერ ხორციელდება, რაც სახელმწიფოსთვის სასურველი იქნებოდა. მისივე თქმით, შესაბამისად მეტი ძალისხმევაა გასაწევი როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, რომ ვიყოთ სათანადოდ მომზადებული იმისთვის, რომ საექსპორტო პროდუქციამ ევროკავშირში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს.
შეხვედრაზე სხვა საკითხების პარალელურად აღინიშნა, რომ მეტი მხარდაჭერა და საინფორმაციო უზრუნველყოფა სჭირდებათ ბიომწარმოებლებსაც, რაც მათ შორის საკანონმდებლო მხარდაჭერასაც ეხება. გამოითქვა მოსაზრება, რომ ბიოსექტორში საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, რომ მერე ქართველ მწარმოებლებს ექსპორტი კიდევ უფრო გაუადვილდეს. „ბუნებრივია, მოსმენები გულისხმობს წარმოდგენილი წინადადებების ირგვლივ კიდევ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და ამ მოსმენაზე ჩვენ ბევრი საინტერესო და საგულისხმო ინფორმაცია მივიღეთ. დღეს განსაკუთრებული აქცენტი თაფლის წარმოებასა და ექსპორტზე გაკეთდა, რომელსაც მზარდი ტენდენცია აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა აბსოლუტურ რიცხვებში არა აქვს ის მაჩვენებელი, რაც დამაკმაყოფილებელი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველური პროდუქციიდან მხოლოდ თაფლი გადის ევროკავშირში DCFTA-ით მიღებული თანხმობის შესაბამისად. საუბარი იყო ასევე წარმატებულ საექსპორტო პროდუქციაზე, როგორიც არის თხილი და კაკლოვანი პროდუქტები.
სასურველი იქნება, გავაანალიზოთ გარკვეულწილად ხელშეწყობის რა პირობებში მიმდინარეობდა ამ პროდუქტების ექსპორტის ზრდა და ნებისმიერი სხვა პროდუქციის მიმართებაშიც, იქნება ეს ლურჯი მოცვი, ჩაი თუ თაფლი, გამოვიყენოთ შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ჩავინიშნეთ საკვანძოდ მნიშვნელოვანი საკითხები ლაბორატორიებთან, ანალიზების გაგზავნასთან დაკავშირებით და ასევე მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივებისა, რომლებზეც თემატური ჯგუფი უფრო დეტალურად იმუშავებს და დასკვნებს საბოლოო რეკომენდაციებში ასახავს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შედეგების შეჯამებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები