ბესარიონ გუგუშვილი: ვერცერთი ხელისუფლება ვერაფრით იქნება პრორუსული, ეს ყველაფერი საბაბია, ერთს ლაპარაკობენ და მიზანი სხვაა – მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ვაფრთხილებ ქართველობას, ფრთხილად იყვნენ, ვინც არ იცის წარსული, მან არ შეიძლება, იცოდეს მომავალი

ეროვნული მოძრაობა ხელისუფლებაში პუტჩებით არ მოსულა. ეროვნული მოძრაობის მთელი ისტორიის განმავლობაში, არც ერთი საპროტესტო აქცია არ გამომიტოვებია, არსად ყოფილა გამოყენებული ძალა, არსად დავსხმივართ თავს პოლიციას, არსად გვისვრია ქვები. ყველგან ლოცვით, დინჯად, თავდაჭერით ვიყავით. მთელი იმ ისტორიის განმავლობაში, როდესაც საქართველომ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და, საბოლოოდ, საქართველო დამოუკიდებლობამდე მიიყვანა, არც ერთხელ ძალა არ გამოგვიყენებია. რასაც ახლა ვხედავ ეს არ არის ქრისტეს გზა, ეს არის ბარაბას გზა, – ამის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერმინისტრმა, ბესარიონ გუგუშვილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვერც საქართველო და ვერც მისი რომელიმე ხელისუფლება ვერ იქნება პრორუსული, მეტიც, ევროპა არანაკლებად არის საქართველოს მიერთებით დაინტერესებული, ვიდრე საქართველო ევროპით.
მან გაიხსენა ზვიად გამსახურდიას მაგალითი და აღნიშნა, რომ მასაც ბრალდებოდა “კაგებეს” აგენტობა და დიქტატორობა, თუმცა, ამ ბრალდებების უკან სხვა მიზანი იდგა.

“საქართველო პრორუსული ვერაფრით ვერ იქნება. ვერც ხელისუფლება ვერც ერთი, ვერაფრით იქნება პრორუსული. ამდენად, ეს ყველაფერი არის საბაბი, სალაპარაკო თემა. შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ შეტევა მიიტანეს რა საბაბით, რომ თურმე, ეს ღვთისნიერი კაცი, ყოფილა დიქტატორი, მეტიც “კაგებეს” აგენტობასაც აბრალებდნენ და თურმე, ყოფილა პირსისხლიანი ტირანი. ასე რომ, ჩვენ ბევრჯერ გამოვცადეთ ის, რომ ერთს ლაპარაკობენ და მიზანი სხვა არის. საქართველო ევროპისგან ვერსად წავა, მეტიც, გეტყვით, ევროპა არანაკლებ არის დაინტერესებული საქართველო მიიერთოს, ვიდრე საქართველოა დაინტერესებული ევროპაში შესასვლელად. ასე რომ, ეს ყველაფერი მოგონილია იმისთვის, რომ ჰქონდეთ საბაბი, მოაწყონ არეულობა და სახელმწიფო გადატრიალება.” – აღნიშნა ბესარიონ გუგუშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალებების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და საქართველოს მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა, ვინაიდან მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

“არც ერთი სახელმწიფო გადატრიალება, არც ერთი რევოლუცია სისხლის და ნგრევის გარეშე არ ყოფილა. გაიხედ-გამოიხედეთ და ნახავთ. ახლახან სომხეთში იყო ასეთივე ამბები – სომხეთმა დაკარგა ყარაბაღი, უკრაინაში ორჯერ მოხდა ეგეთი ამბები – ჯერჯერობით ტერიტორიის 20% დაკარგული აქვთ. საქართველოში მოხდა პუტჩი – აფხაზეთი და სამაჩაბლო ნაწილობრივ დაიკარგა, შემდეგ 2004 წელს მოხდა ვარდების გადატრიალება – საბოლოოდ დაიკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო.
მე მინდა, ხალხი, ვინც მისმენს და ვისაც ჩემი სჯერა, დავარწმუნო, რომ ახლა მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. აქ რა საბაბია და თითზე რა აქვთ დახვეული, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია და ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობა”, რომელმაც წააგო წინა არჩევნები და მომავალ არჩევნებში შანსი არ აქვს რომ გაიმარჯვოს, ცდილობს, ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს სამოქალაქო პუტჩის გზით. მე ვაფრთხილებ თანამოქალაქეებს, ქართველობას, რომ ფრთხილად იყვნენ. ახალგაზრდობა ახალგაზრდობად, მაგრამ ახალგაზრდები გამოუცდელები არიან და ვინც არ იცის წარსული, მან არ შეიძლება იცოდეს მომავალი”, – განაცხადა ბესარიონ გუგუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები