კულება აცხადებს, რომ პერსპექტივაში რუსეთთან კონტაქტები აუცილებელია

უკრაინაში ომის შეჩერებასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან ურთიერთქმედება ორი პირობის შესრულების შემდეგ იქნება აუცილებელი – ბრძოლის ველზე უკრაინელი სამხედროების წარმატების და ისეთი ქვეყნების კოალიციის შექმნის შემთხვევაში, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკაში მიდგომებსა და პრინციპებს იზიარებენ.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა აზრი გლობალური სამშვიდობო სამიტის ჩატარებას რუსეთის გარეშე, უკრაინელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ასეთი მოსაზრება ლოგიკური იქნებოდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი დიპლომატიის სახელმძღვანელოების ჭრილში რომ განიხილებოდეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, უკრაინა ვერ ხედავს აზრს, რუსეთი შვეიცარიის სამიტზე მიიწვიოს, რადგან არ არსებობს გარანტიები, რომ მოსკოვს სურს “კეთილი ნების სულისკვეთებით იმოქმედოს”.

მინისტრმა რუსეთთან მოლაპარაკებების 2014-2022 წლების გამოცდილება გაიხსენა.

“მაშინ რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკების თითქმის 200 რაუნდი გავმართეთ. მაგრამ არაფერმა იმუშავა. ყველაფერი სრულმასშტაბიანი შემოჭრით დასრულდა”,- თქვა კულებამ.

ამავე დროს, მისი თქმით, არსებობს მხოლოდ ორი გზა შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი გულწრფელი მომლაპარაკებელი იყოს.

„პირველი, წარმატება ბრძოლის ველზე. მეორე, თუ გვექნება იმ ქვეყნების კოალიცია, რომლებიც ერთნაირ პრინციპებს და მიდგომებს იზიარებენ. სამიტის მიზანი რუსეთის მოზიდვა არ არის, მისი მიზანია – გააერთიანოს ქვეყნები, რომლებიც პრინციპებს და მიდგომებს იზიარებენ”, – თქვა დმიტრო კულებამ.

შვეიცარიის კურორტ ბურგენშტოკში გლობალური მშვიდობის ორდღიანი სამიტი 15-16 ივნისს ჩატარდება და უკრაინაში მშვიდობის დამყარებას მიეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები