ლავროვი: რუსეთი ბელორუსს გასაჭირში არ მიატოვებს

“ბელორუსში ამჟამინდელი ზეწოლის ფონზე, მოსკოვი მინსკს “გასაჭირში არ მიატოვებს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

”რა თქმა უნდა, რუსეთი არ დატოვებს ბელორუსს უბედურებაში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ მოკავშირეს. ჩვენი ურთიერთობები ემყარება ძმურ და ხშირად ოჯახურ კავშირებს, საერთო ისტორიასა და სულიერ ღირებულებებს”, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი შეფასებით, ბელორუსში ვითარება სტაბილურია.

”ემიგრანტი ოპოზიცია, უპრეცედენტო გარე მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს სიტუაციის შერყევას. მოქალაქეთა უმეტესობა დაიღალა ქუჩის არეულობებით, ისინი აცნობიერებენ თავიანთ კონტრპროდუქტიულობას ”, – აღნიშნა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

ბელორუსი უპრეცედენტო საერთაშორისო სკანდალში გაეხვა – მას შემდეგ, რაც 23 მაისს მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელორუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე ამბობდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.

რომან პროტასევიჩს ბელორუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღეს ევროპარლამენტის უდიდესი ფრაქციის ხელმძღვანელმა, მანფრედ ვებერმა მომხდარს “სახელმწიფო ტერორიზმის აქტი” უწოდა.

ნატო ხვალ საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც მინსკის ინციდენტი განიხილება. ასევე, ევროპარლამენტში გაკეთდა მოწოდება, რომ ბელორუსთან შეწყდეს ფრენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები