„სულ მალე, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ კომპლექსის მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა საშუალება ექნებათ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს დედაქალაქში.
„200 მილიონი დოლარის ინვესტიცია, 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანიისა და ათასობით ჩვენი მოქალაქის დასაქმება – ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება. როგორც ჩვენ ინვესტორისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს ჩვენს დედაქალაქში. ასევე, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. სულ მალე, კომპლექსის მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა საშუალება ექნებათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარეინვესტორების ინტერესს, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ასეთი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, მთელს მსოფლიოსთან ერთად, პანდემიას ებრძვის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გზებს ეძებს. ახლანდელი მსოფლიო კრიზისი, სხვა ინდუსტრიებთან ერთად, დეველოპერული სექტორისთვის ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. 2020 წელს ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა, რამაც, სხვა სამთავრობო პროგრამებთან ერთად, აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი დეველოპერული პროექტია. ესაა მაგალითი, რომ, ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ჩვენ მხოლოდ განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ძალიან დასაფასებელია ინვესტორის მიერ გამოჩენილი გაბედულობა“, – განაცხადა პრემიერმა.