აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრა დიქტატორ ასადთან და პატრიარქ იოანესთან – რას ელიან ოკუპანტები ანტიოქიის საპატრიარქოსგან?

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში ქვეყნის დიქტატორ ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს 17 მაისს შეხვდა. ბჟანიამ შეხვედრა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ იოანე X-სთანაც გამართა, რომელმაც მას დამასკოში, საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. ანტიოქიის საპატრიარქოს განცხადებაში ბჟანია „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტადაა“ მოხსენებული.

ვიზიტს საქართველოს საპატრიარქოში გამოეხმაურნენ.

ეს არის ნეგატიური მოვლენა. უცნაური ფაქტია და, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება. თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება. რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

რას ნიშნავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ანტიოქიის პატრიარქთან შეხვედრა? ჩნდება კითხვები: რას ელიან ოკუპანტები და ცდილობენ, თუ არა ანტიოქიის საპატრიარქო აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე აალაპარაკონ?

„მსოფლიოს თვალში მოსკოვის პატრიარქი არ აღიარებს აფხაზეთის ეკლესიას. რუსეთის პოზიცია ასეთია: მე არ გამოვჩნდები და ამას ანტიოქიის საპატრიარქოს ხელით გავაკეთებ. თუ ვერ მივაღწევ, საქართველოს მაინც შევაშფოთებ. რადგან როცა შფოთი და გაუგებრობაა, რაღაც შეცდომა შეიძლება, დაუშვა. ისინი კი ჩასაფრებულები არიან“, – განაცხადა თეოლოგმა ნუგზარ ბარდაველიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რას წარმოადგენს ანტიოქიის საპატრიარქო?

 

ლევან აბაშიძე

თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ თუ გვინდა, ანტიოქიის საპატრიარქოში აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტის არსი გავიგოთ, ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

„ანტიოქიის საპატირქო უძველესია და ერთერთი ყველაზე უფრო დიდი პატივით სარგებლობს. ქრისტიანობა რომის იმპერიაში დაიწყო. იქ იყო სამი დიდი ქალაქი: რომი, ალექსანდრია და ანტიოქია. გარდა ამისა, „საქმე მოციქულთაში“ ნათქვამია, რომ პირველად სახელი „ქრისტიანები“ პირველად ანტიოქიაში გაჩნდა. ასე რომ, თავდაპირველად 3 საპატრიარქო იყო. რაც შეეხება კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმს – ისინი ამ უმთავრეს საპატრიარქოებში შემდგომ შევიდნენ.
ასე რომ, ანტიოქიის საპატრიაქო უძველესი და უმნიშვნელოვანესია.

უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ეს საპატრიარქო აერთიანებს ქრისტიანებს სირიაში, ლიბანში, არაბულ ქვეყნებში, ნაწილობრივ ერაყში. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნებში ქრისტიანთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. ისინი მუსლიმურ გარემოში ცხოვრობდნენ. ბოლო საუკუნეების განმავლობაში კი დიდი ემიგრაცია მოხდა. იყო მათი შევიწროებები, ომები. პოლიტიკურად ქრისტიანები და, შესაბამისად, ეს საპატრიარქო ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ერთერთი პლუსი, რაც შეიძლება, იყოს, არის ის, რომ მას საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს, მაშ შორის, ჩრდილოეთ ამერიკაში. მრავალი ქრისიტიანი არაბი, რომელც გადასახლებულია, თავს ამ საპატრიარქოს მიაკუთვნებს“- განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს ვიზიტი სწორედ პოლიტიკური იყო და არა საეკლესიო.

„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს ვიზიტი სწორედ პოლიტიკური იყო, ეს არ გახლდათ სპეციალურად საეკლესიო ვიზიტი. რა პოლიტიკური ფონია, ვიცით: რუსეთმა აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აღიარა. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, რომ ის თავის სატელიტებმაც აღიარონ. ერთერთი მისი სატელიტი ქვეყნა სირიაა. იცით, რომ იქ ძალიან მძიმე სამოქალაქო ომი იყო. ასადის მთავრობა, ეს სისხლიანი დიქტატორი, ფაქტობრივად, რუსეთმა გადაარჩინა. ის არა მარტო დავალებულია რუსეთთან, არამედ რუსეთს ამ ტერიტორიაზე დიდი კონტროლი და ბერკეტები აქვს. იმაში, რომ სირიამ აფახაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, გასაკვირი არაფერია. ამ აღიარების ერთერთი გამოვლინება არის ის, რომ, რუსეთის თვალსაზრისით, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იქედან სირიაში დელეგაცია ჩავიდა.
როცა სახელმწიფოს მეთაური ჩამოდის, პროტოკოლით, როგორც წესი, პატრიარქსაც ხვდება. რატომ შეხვდა პატრიარქს და რატომ არ თქვა უარი შეხვედრაზე უარი პატრიარქმა? ახლა უკვე საქმე საეკლესიო პოლიტიკას ეხება: აღმოსავლეთის ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში მუსლიმურ გარემოში ცხოვრობენ. მათი დიდი ტრადიცია აქვთ იმისა, რომ ხელისუფლებასთან კეთილი და მორჩილი დამოკიდებულება ჰქონდეთ. ქრისიტიანული ეკლესიები, როგორც სტრუქტურები, გადარჩნენ, რადგან ისინი ყოველთვის ცდლილობდნენ, ხელისუფლებასთან კარგ დამოკიდებულებაში ყოფილიყვნენ. ხელისუფლება რომ ეტყვის, დელეგაცია ჩამოდის და უნდა მიიღოო, ის უარს ვერ ეტყვის. ეს პოლიტიკური ასპექტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სხვა ყველაფერი აქედან გამომდინარეობს“ – განაცხადა აბაშიძემ.

ნუგზარ ბარდაველიძე

თეოლოგ ნუგზარ ბარდაველიძის თქმით, ანტიოქიის საპატრიარქო მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.

„დღეს რეალურად რას წარმოადგენს ანტიოქიის საპატრიარქო – სირიაში განა რა ისეთი ბერძნული მრევლია, რომ იქ ანტიოქიის პატრიარქს გავლენა ჰქონდეს? ის, რომ იქ ანტიოქიის საპატრიარქო არსებობს, სირიის პრეზიდენტისა და რუსეთის ნებაა. ანტიოქიის საპატრიარქო მთლიანად რუსეთზეა ჩამოკიდებული. მოსკოვის საპატრიარქოსა და კრემლს როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან. ასეთ ვითარებაში რამდენად ფიქრობთ, როგორ მათ შეეძლოთ, წინააღმდეგობა გაეწიათ? ასევე არის შიდა ბრძოლა პირველობისათვის. იცით, რუსეთს უკვე 500 წელია, გაცხადებული აქვს, რომ მოსკოვი მესამე რომია. მოსკოვის საპატრიაქრო იბრძვის, რათა დაამტკიცოს, რომ ისინი მესამე რომს რეალურად წარმოდგენენ. ამ შემთხვევაში კონკურენტად მსოფლიო საპატრიარქოს აღიქვამენ. მით უმეტეს, იცით, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ბოლო წლებში ვითარება ძალიან დაძაბულია, ანუ ეკლესიათაშორისი ურთიერთობები საერთაშორისო ურთიერთობებშია გადახლართული. მათი გამიჯვნა ასე მარტივი არაა. ამ ყველაფრის უკან დიდი პოლიტიკა დგას. როგორც მარიონეტებს, ისე ათამაშებენ სირიის პრეზიდენტსა და ანტიოქიის პატრიარქს“, – განაცხადა ბარდაველიძემ.

როგორი უნდა იყოს საქართველოს საპატრიარქოს რეაქცია?

როგორც ლევან აბაშიძე აცხადებს, ხშირად სვამენ კითხვას: აღნიშნულ შეხვდრასთან დაკავშირებით რატომ დუმს საქართველოს საპატრიარქო. აბაშიძის თქმით, ხანდახან დუმილი ლაპარაკს ჯობს.

„ერთერთი კითხვა, რომელსაც მისვამენ, არის ის, თუ რატომ დუმს საქართველოს საპატრირქო და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მართალია, ვთანამშრომლობ საპატრიარქოსთან, მაგრამ არ ვიცი, როგორია ოფიციალური პოზიცია. რასაკვირველია, საპატრიქროსთვის სრულიად მიუღებელი რამაა, თუ ლაპარაკია აფხაზეთის ეკლესიაზე, როგორც დამოუკიდებელ საეკლესიო ერთობაზე. დანარჩენი პოლიტიკის ამბავია. პირადად ჩემი აზრია, რომ სჯობს, ჩვენ ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ. გავითვალისწინოთ ის, რაც უკვე ვთქვი: პოლიტიკური ასპექტები, მძიმე მდგომარეობა, რომელშიც პატრიარქია და ა.შ. სჯობს, ამ საკითხს ხაზი არ გავუსვათ. აქედან დიდი პრობლემა არ შევქმნათ. ხშირად მესმის, რომ საპატრიარქო დუმს და რატომ დუმსო? ხანდახან დუმილი ჯობს ლაპარაკს. რასაკვირველია, ამაში კარგია და სასიამოვნო არაფერია. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რა ჯობს. ვირჩევთ, რას ჯობს: ჟარგონით რომ ვთქვათ, „გავატაროთ“ ეს ამბავი თუ ერთი ამბავი ავტეხოთ. ჩემი აზრით, სჯობს, „გავატაროთ“ , ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ. შეიძლება, მათ დიპლომატიური არხებით მივაწვდინოთ ამბავი, რომ ეს არაა სასიმოვნო, მაგრამ გვესმის, რომ ისინი მძმიმე მდგომარეობაში არიან.
თუ ჩვენ ამაზე ძალიან დიდ ამბავს ავტეხთ, ამ ფაქტს იმაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მიეცემა, ვიდრე მას ეკუთვნის.
სჯობს, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს პოლიტიკური ვიზიტი იყო და არ იყო საეკლესიო ვიზიტი, იქ ეკლესიის წარმომადგენლები არ ყოფილან. ამ მოვლენაში ლომის წილი პოლიტიკას უჭირავს. სამწუხაროდ, პოლიტიკა ერევა ეკლესიის ამბებში, ეკლესია პოლიტიკაში და ა.შ“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.

ბარდაველიძის თქმით, სირიაში დე ფაქტო ეპარქიის ე.წ. წინამძღოლი, ბესარიონ აპლია რომ ჩასულიყო, მაშინ ეს ეკლესიათშორისი ურთიერთობები იქნებოდა, ახლა კი ეს ყველაფერი ეკლესიათშორის ურთიერთობებს გასცდა.

„ეს ეკლესიათშორის ურთიერთობებს გასცდა. ბჟანია ე.წ. პრეზიდენტია. აპლია რომ ჩასულიყო, მაშინ სუფთა ეკლესიათშორისი ურთიერთობები იქნებოდა. ქვეყანა, სადაც ბჟანია ჩავიდა, მას „ეგრეთ წოდებულად“ არ თვლის, მას აღიარებენ. ეს მარტო ჩვენი საპატრირქოს პასუხგასაცემია? აქ ქვეყნის პოზიციაც უნდა ჩანდეს“, – განაცხადა ნუგზარ ბარდაველიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები