ზუგდიდში ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა და დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა გაიმართება
21 მაისს, 17:30 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, გამომცემლობა „ინტელექტი“, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, მწერალ – ნინო ხარატიშვილთან შეხვედრას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მთელ მსოფლიოში ცნობილი და არაერთ ენაზე თარგმნილი ბესტსელერების ავტორი ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე, დღევანდელობისთვის საინტერესო თუ აქტუალურ საკითხებზე და უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს.
ნინო ხარატიშვილთან შეხვედრის მოდერატორი – გვანცა ჯობავა იქნება.
ღონისძიების პარალელურად, იმავე სივრცეში, გაიმართება დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა – „გოგონები მომავლიდან“. პროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით.
პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგოების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.