საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართა
ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაცია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის ჩართულობა და ამ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, ასევე, ერთობლივი მონაწილეობა საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში – ის ძირითადი საკითხები იყო, რაც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან ერთად განიხილა.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა მეგობარი ქვეყნების პირველი სამხედრო პირების მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თურქ კოლეგას, გენერალ იაშარ გულერს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ათწლეულების მანძილზე თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საბრძოლო მზადყოფნას და მხარს უჭერს საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის ძალების ურთიერთქმედებას.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა პოლონელ და რუმინელ კოლეგებთან, გენერალ რაიმუნდ ანდჟეიჟაკთან და გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა პოლონეთისა და რუმინეთის ჩართულობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე, საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობისა და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარებისათვის კონტრიბუციის მნიშვნელობას. რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, ხოლო პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა პოლონეთის პრაქტიკულ მხარდაჭერას თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.