ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცე – ორი ექსპოზიცია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ორი ექსპოზიცია, რომელთა ხილვაც დამთვალიერებელს 21 მაისის ჩათვლით შეეძლება.
ექსპოზიციის „საქართველო – ხელნაწერი წიგნის სათავეებთან“ მიზანია, ნათლად წამოაჩინოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები, როგორც ქართული წიგნის ისტორიის სათავე: ჩვენამდე მოღწეული პირველი ხელნაწერი (VIIს.), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია-კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები.
გამოფენაზე – „შეხვედრა კლასიკოსებთან – ავტოგრაფების სამყაროში” ყველასათვის კარგად ნაცნობი კლასიკური ნაწარმოებების ავტორების ავტოგრაფებია წარმოდგენილი.
18 მაისს – მუზეუმის საერთაშორისო დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვივნენ ლიტერატურული სახელოსნოსა და თავისუფალი სკოლის მოსწავლეები, რომელთაც დაათვალიერეს აღნიშნული ხელნაწერები. საგამოფენო სივრცეში სტუმრობის შედეგად, ახალგაზრდები შექმნიან ლიტერატურულ ტექსტებს, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.