„ბიჭუნა ბუშტიდან“ – 12 წელი სიკვდილის მოლოდინში

ეს შემთხვევა ძალიან მნიშნველოვანია მედიცინის ისტორიაში – არა მხოლოდ ბიჭუნას, დევიდ ფილიპ ვეტერის სევდიანი ბედის, არამედ ეთიკური დილემების მთელი ჯაჭვის გამო, რომელზეც დღემდე არ არსებობს ერთგვაროვანი პასუხი.

ვეტერების ოჯახი, კეთილსინდისიერი ქრისტიანები, უბედური იყო არსებული გენეტიკური პრობლემის გამო. მათი უფროსი ვაჟი, დევიდ ჯოზეფ ვეტერი შვიდი თვის ასაკში დაიღუპა. დიაგნოზი საშინელი გახლდათ და ის არცერთ შანსს არ იძლეოდა: SCID – იგივე ალიმფოციტოზი, იგივე გლანცმან-რინიკერის სინდრომი ანუ მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი. ქვემოთ აღწერილი შემთხვევის შემდეგ დაავადებამ კიდევ ერთი დასახელება მიიღო.

დაავადების არსი ასეთია: გენეტიკური დეფექტი თიმუსის ჯირკვლის მუშაობას აფერხებს, რის შედეგადაც ახალშობილ ბავშვს არ გააჩნია ან თითქმის არ გააჩნია ტ-ლიმფოციტები, ხოლო ვ-ლიმფოციტები აქვს, მაგრამ არ უმუშავებს. როგორც წესი, ეს დაავადება 100 000-დან 1 ახალშობილში გვხვდება, თუმცა თუკი ბიჭი ასეთი დაავადებით იბადება, იმის ალბათობა, რომ მომდევნო ბიჭიც დაავადებული იქნება, 50%-ს შეადგენს.

ახალშობილის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი ძვლის ტვინის გადანერგვაა. ვეტერის ოჯახში პოტენციური დონორი არსებობდა – მათი ქალიშვილი კეტრინი. ალბათ, ამიტომ გადაწყვიტეს მათ, რომ მემკვიდრე გაეჩინათ. მით უმეტეს, ბეილონის სამედიცინო კოლეჯის ექიმებმა – ჯონ მონტგომერიმ, მერი ენ სტაუტმა და რაფაელ უილსონა – დაარწმუნეს მშობლები, რომ თუკი ბიჭუნას ეს დაავადება მაინც ექნებოდა, ისინი მას სტერილურ ბოქსში მოათავსებდნენ, სანამ ძვლის ტვინს გადანერგავდნენ. რა მოხდებოდა მაშინ, თუკი ძვლის ტვინი მის ორგანიზმთან თავსებადი არ იქნებოდა? რატომღაც, ამაზე არავის უფიქრია.

ბავშვი დაიბადა. მისმა ორგანიზმმა ძვლის ტვინი არ მიიღო. ბიჭუნა სტერილურ ბუშტში დარჩა. ის დეზინფიცირებული ნაკურთხი წყლით მონათლეს და 12 წლით, თითქმის, სიკვდილამდე ბუშტში გამოამწყვდიეს.

სანამ დევიდის სტერილურ ბუშტში რაიმე მოხვდებოდა: წყალი, ჰაერი, საკვები, საფენები და ტანსაცმელი დეზინფიცირდებოდა. თავად დევიდს მხოლოდ სპეციალური პლასტიკური ხელთათმანებით ეხებოდნენ.

ბიჭუნა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახდა, ის ღიზიანდებოდა და დეპრესიაში ვარდებოდა. ძალიან მალე მიხვდა, თუ როგორი ცხოვრება ელოდა წინ და რით განსხვავდებოდა ის სხვა ადამიანებისგან. 4 წლის ასაკში მან დამცავი ბუშტი ვიღაცის მიერ შემთხვევით შიგ ჩატოვებული ნემსით გახეთქა. დევიდს მაშინ მიკრობებისა და სასიკვდილო საფრთხის შესახებ მოუყვნენ. იქიდან მოყოლებული ბავშვს კიდევ ერთი ფობია შეემატა – მიკრობების შიში.

პროცესის ეთიკური მხარე მხოლოდ ერთხელ იქნა განხილული, 1975 წელს. მაშინ შეიკრიბა კონსილიუმი, სადაც ჯონ მონტგომერიმ განაცხადა, რომ თუკი საშუალება ექნებოდა, ის კიდევ ერთხელ განახორციელებდა ასეთ პროექტს სხვა ბავშვთან. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში აპირებდა მსგავსი პროექტების განხორციელებას, მან უპასუხა: „სანამ არ გადავწყვეტ, რომ აქედან მეტი ინფორმაციის ამოღება არ შეიძლება ან სანამ პროექტის დასასრული არ იქნება ცხადი“.

ეთიკური კომისია მეტჯერ აღარ შეკრებილა.

როდესაც დევიდს 6 წელი შეუსრულდა, მასზე ცდების ჩატარება NASA-ს წევრებმაც გადაწყვიტეს და დევიდს გასასეირნებლად ე.წ. სკაფანდრი გაუკეთეს. მართალია, ბიჭუნა დიდხანს ვერ იფარებდა სკაფანდრს თავზე, რადგან მიკრობების ეშინოდა, თანაც საკუთარი ბუშტი უნდა დაეტოვებინა და გარეთ გასულიყო, იქ კი უამრავი ნივთი დახვდებოდა, სადაც უამრავი ბაქტერია იყო… საბოლოოდ, მან მხოლოდ 6 წლის ასაკში შეძლო ერთი მიმართულებით ექვსზე მეტი ნაბიჯის გადადგმა. NASA-მ კი დიდი სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ დაამზადეს ბიჭუნასთვის სკაფანდრი.

დაიწყო 80-იანი წლები. აშშ-ის ხელისუფლებაში უკვე მითქმა-მოთქმა გამოიწვია ყველაზე ძვირმა, 1,3 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპერიმენტმა, უკონტროლო დევიდმა და უიმედო მდგომარეობამ.

უკვე გაუგებარი იყო, რას ითხოვდნენ – მის მოკვლას?

დაინიშნენ ახალი ექიმები, რომელთა შეთავაზებით, ბიჭუნასთვის გამა-გლობულინები და ანტიბიოტიკები უნდა მიეცათ, რაც, ფაქტობრივად, სიკვდილს ნიშნავდა. მშობლებმა ამაზე უარი განაცხადეს. მაშინ ექიმების გუნდს სამი წელი დასჭირდა, რათა დევიდის მშობლები ძვლის ტვინის გადანერგვაზე კიდევ ერთხელ დაეთანხმებინა, თანაც ისევ ბიჭუნას დისგან. ცხადია, ძვლის ტვინი უფრო შეთავსებადი არ გამხდარა, მაგრამ გაჩნდა რაღაც იმედი, რომ ორგანიზმთან შეუთავსებლობა ახლა მაინც არ მოხდებოდა. მშობლები დაითანხმეს და ოპერაციაც ჩატარდა. მიუხედავად დევიდის უარისა, პროცესი მაინც აღბეჭდეს კინოფირზე.

ოპერაცია სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდა. დევიდის დის ძვლის ტვინში ეპშტეინ ბარის ვირუსი იყო. რომელიც, როგორც მაშინ მომავალმა ნობელის ლაურეატმა, ჰარალდ ცურ ჰაუზენმა დაადგინა, მონონუკლეოზსა და ბერკიტის ლიმფომას იწვევდა. ეს ვირუსი თითქმის ყველას აქვს, მაგრამ მას იმუნური სისტემა ახშობს, რომელიც დევიდს საერთოდ არ ჰქონდა.

თავიდან ბიჭუნას მონონუკლეოზი განუვითარდა და ის ბუშტიდან ამოიყვანეს. მაშინ 12 წლის განმავლობაში პირველად დედამ შვილის შეხება შეძლო, ბიჭუნამ კი კოკა-კოლა მოითხოვა, მაგრამ არ მისცეს. მას ასობით სიმსივნე აღმოაჩნდა.

ბერკიტის ლიმფომა, კომა, სიკვდილი, მშობლების განშორება. ავადმყოფობამ ახალი სახელი შეიძინა – „ბუშტის ბიჭუნას სინდრომი“.

დევიდის პირად ფსიქოლოგს და მის საუკეთესო მეგობარს, მერი მერფის არ მისცეს უფლება, გამოექვეყნებინა ბიჭუნას თხოვნით დაწერილი „ნამდვილი ანგარიში მისი ცხოვრების შესახებ“. მის საფლავის ქვაზე დააწერეს: „მან ვერ შეძლო სამყაროს შეხებოდა, მაგრამ მან სამყარო შეძრა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები