საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი იაფდება, როგორ აისახება ეს ქართულ ბაზარზე და როგორია პროგნოზი პურის ფასთან დაკავშირებით – ლევან სილაგავას განმარტება

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის,  ლევან სილაგავას განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი იაფდება. ამის შესახებ სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სილაგავამ განმარტა, როგორ აისახება აღნიშნული ტენდენცია ქართულ ბაზარზე.

„ყოველი თვის დაახლოებით 11 რიცხვში აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ანუ მსოფლიოში ხორბლის რა რაოდენობის  მოსავალი შეიძლება, იყოს. ეს მუდმივად ცვლადია და მონიტორინგის მეშვეობით ხდება. არის მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენია გარდამავლი მარაგები და რამდენია ვაჭრობა, ექსპორტ-იმპორტი. შესაბამისად, ამის შედეგად, მსოფლიო ბირჟაზე ფასების აწევა -დაწევა ხდება.

ეს ინფორმაცია პარასკევს გამოქვეყნდა და, შეიძლება ითქვას, რომ მრავალი თვეების განმავალობაში საკმაოდ პოზიტიური ინფორმაცია პირველად გვაქვს. თუ შევხედავთ, მომატებულია ხორბლის მარაგების სავარაუდო რაოდენობა, მსოფლიოში 783 მილიონ ტონაზეა ლაპარაკი – თუ შევხედავთ წინა თვის მონაცემებს, დაახლოებით, 6 მილიონი ტონით, რაც დადებითი ტენდენციაა. მომატებულია გარდამავალი მარაგების საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, ხორბლის მომავალი მოსავლის მაჩვენებელი რუსეთშიცაა მომატებულია. წინა თვეში დაახლოებით 120 მილიონი ტონა იყო და 123 მილიონ ტონაზე ავიდა – ეს მარცვლეული. ხორბალს რაც შეეხება – 80 მილიონი იყო და ამერიკის შეერთებული შტატების მონიტორინგის სამსახურმა 81-82 დააფიქსირა. ამან უფრო ოპტიმისტური პროგნოზი დადო. ბირჟებზე ფასების კლება წამოვიდა. თუ მსოფლიო ტენდენციებს ჩვენს ჭრილში გადმოვიტანთ, მივიღებთ თემას, რომ რეგიონულად, გარკვეულწილად, პოზიტიურ სიგნალებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა სილაგავამ.

მისივე განმარტებით, ტრადიციულად, ხორბლის აღების წინა პერიოდში ფასები იკლებს.

„ახლო მომავალში მოსავალია. მოსავალი საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებში, რეგიონულად 1-ელ ივლისიდან იწყება. ვფიქრობთ, რომ პოზიტიური სიგნალები არის. თუმცა, პოზიტიურ სიგნალში რა შეიძლება, განვიხილოთ: თვეების განმავლობაში ფასზე იმდენად დიდი მატება იყო, რომ უნდა შევხედოთ იმას, კლება რომელიც დღეს შეიმჩნევა, გადაფარავს, თუ არა იმ მატებას, რომელიც ძალიან სერიოზული იყო. სავარაუდოდ, ეს გადაფარვა ბოლომდე ეფექტიანი ვერ იქნება.
რუსეთს შემოღებული აქვს კვოტირების მექნიზმი, რომლის ფარგლებშიც ერთ ტონაზე საექსპორტო გადასახადი 50 ევროა. შემდეგი თვიდან ეს 50 ევრო უფრო ლიბერალური გადასახადით იცვლება: ეს არის მსოფლიო ფასებს მინუს 200 საბაზისო დოლარი და რაც დარჩება, იმ სხვაობის 70 %. ველოდებით, რომ ეს ლიბერალური გადასახადი უფრო დააკლებს 50 ევროს და ეს თემაც, გარკვეულწილად, უფრო პოზიტიური იქნება.

მინიმუმ, გარკვეულ სტაბილურობას ველდებით. ტრადიციულად, ხორბლის აღების წინა პერიოდში ფასები იკლებს, რადგან მიღებული ხორბლის რაოდენობა საცავების რაოდენობას საკმაოდ აღემატება ხოლმე, მათ შორის, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებში.
რომ შევაჯამოთ: გარკვეული სტაბილურობა და ფასების უკან წამოსვლა იქნება, ეს პოზიტურია. ნეგატიური თემა ჩვენს შემთხვევაში ისაა, რომ, ლარის კურსის დოლართან მიმართების საკითხის გამო, სამწუხაროდ, თემას გრძელვადიანად ვერ ვსაზღვრათ“, – განაცხადა სილაგავამ.

სილაგავამ განმარტება ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის გაგრძელების საჭიროების საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„თუ შევხედავთ, რომ ჩვენს ძირითად პარტნიორად ჩამოყალიბებული რუსეთი 1-ელი ივნისიდან საექსპორტო საბაჟო გადასახადის პოლიტიკას ცვლის, აქაც საექსპორტო ფასი, გარკვეულწილად, ალბათ, შემცირდება, რადგან ტენდენცია აქეთკენ მიდის.

რაც შეეხება ფქვილის სუბსიდირების პროგრამას: ეს პროგრამა 1-ელ ივლისს მთავრდება. ხშირად გვეკითხებიან, საჭიროა თუ არა სუბსიდირების გაგრძელება. ეს მოსახლეობის შეკვეთასა და სახელმწიფოს პასუხზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ კერძო სექტორი ვართ, რომელიც სიტუაციაში ამის შემდეგ ერთვება. თუ მოსახლეობისგან მთავრობა მიიღებს შეკვეთას, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს, მაშინ მთავრობა პურის მწარმოებლებს ეკითხება, რამდენია ის ფასი, რომლის შედეგადაც პურზე ფასს არ გაზრდიან. ასე მოხდა ახლაც: პურის მწარმოებლებმა თქვეს, რომ ესაა 1 ტომარაზე 53 ლარი. ამის შემდეგ წამოვიდნენ ჩვენთან, წისქვილკომბინატებთან და გვკითხეს, რამდენი გჭირდებთ სუბსიდირება იმისათვის, რომ პურის მწარმოებლებს 1 ტომარა ფქვილი 53 ლარად მიაწოდოთ, რათა პური არ გაძვირიდესო. შესაბამისად, შეიქმნა ასეთი ჯაჭვი.

თუ მოსახლეობა და მთავრობა შეთანხმდება იმაზე, რომ პურზე ფასი ისევ არ გაიზარდოს, პურის მწარმოებლები გაზომავენ პარამეტრს, რამდენად უნდა მივაწოდოთ ფქვილი. თუ ეს ფასი თავისუფალი ბაზრით, იმის მიხედვით, რაც ღირს ხორბალი, ფქვილი და პური, იქნება ისეთი, რომ პურის მწარმოებლები ამ ფასში ჩაჯდებიან, მაშინ თავისუფალი ბაზრის პრინციპი იქნება. თუ ვერ ჩაჯდებიან, მაშინ სუბსიდირების რაოდენობა განისაზღვრება. დღეს ერთ ტომარაზე 15 ლარია, შეიძლება, იყოს 5 – 7 ლარი, ფასის კლებიდან გამომდინარე. მაშინ ვიმუშავებთ სუბსიდირების პროგრამით. შესაძლებელია, მთავრობამ ეს ყველაფერი თავისუფალი ბაზრის პრინციპით გაუშვას და თავისუფალი ფასი იყოს. მაშინ, სავარაუდოდ, პურზე ფასი გაიზრდება იქედან გამომდინარე, რომ ხორბლის ფასი კი შემცირდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ფქვილზე აისახოს ისე, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს“, – განმარტა სილაგავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები