ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა.
შენგელია გადაწყვეტილების მიზეზად შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.
“ძვირფასო ზუგდიდელებო!
ორი წელია, თქვენთან ერთად ვშრომობთ და ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის.
ამ პერიოდის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დევნილთა განსახლების, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.
ამ გამოწვევებთან გამკლავება კიდევ უფრო გართულდა იმ პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დაატყდა მსოფლიოს, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევითა და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით:
– ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიგო 100 კმ-ზე მეტი გზა.
– სრულად განახლდა და ტექნოლოგიურად აღიჭურვა მუნიციპალური ტრანსპორტი.
– აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები, ბაღები და სამედიცინო ამბულატორიები.
– დასრულდა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათის – ბოტანიკური ბაღის მშენებლობა.
– დასრულდა წყალარინების, გამწმენდი ნაგებობისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა.
– ზუგდიდს პირველად აქვს 24 სთ-იანი წყალმომარაგება.
– მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებოდათ ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები.
Covid19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, 10 000-ზე მეტმა ზუგდიდელმა ოჯახმა მიიღო მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა სახის დახმარება.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიკეთეებისა, რომელიც ერთობლივი შრომით შევძინეთ ზუგდიდს.
ჩემთვის დიდი პატივი იყო, ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა.
ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.
შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.
ჩემო ზუგდიდელებო!
ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას.
ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემ გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის.
ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებას.
მე, როგორც რიგითი ზუგდიდელი, ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე”, – წერს შენგელია.