სალომე სამადაშვილი: ჩვენი მცდელობა იქნება მიმართული იქეთკენ, რომ, საბოლოოდ, მოხდეს კონსენსუსზე დაფუძნებული კანონპროექტის შეთანხმება
“ჩვენი სურვილი და მცდელობა იქნება მიმართული იქეთკენ, რომ მოხდეს, საბოლოოდ, ისეთი კანონპროექტის შეთანხმება, რომელიც იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული”, – ამის შესახებ ,,ლელოს” მიერ შექმნილი ახალი ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრაზე ამნისტიის კანონპროექტსა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე ისაუბრეს.
„კონკრეტული საკითხი, რომელიც დღეს არის შეთანხმების ფარგლებში და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, ეს არის ამნისტიის კანონპროექტი. ამიტომ, ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან დეტალურად განვიხილეთ ხედვებში არსებული ის განსხვავებები, რომელიც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილი და მცდელობა იქნება მიმართული იქეთკენ, რომ მოხდეს საბოლოო ჯამში ისეთი კანონპროექტის შეთანხმება, რომელიც იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ, ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლების მმართველი უმრავლესობა ცდილობს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გაექცეს შეთანხმების სულისკვეთებას და მოარგოს ეს კანონპროექტი საკუთარ ინტერესებს თუ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ჩვენ ამის წინააღმდეგ გამოვიყენებთ შესაბამის ბერკეტებს როგორც პარლამენტში, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შესაბამისი კომუნიკაციით.
გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, თუმცა, ასევე ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ყველას ესმის, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული, უნდა სარგებლობდეს სრული ნდობით, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩვენ ვერ მივაღწევთ იმ მთავარ ამოცანას, რაც არის საარჩევნო გარემოს შეცვლა იმგვარად, რომ ყველას, ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლება, ჰქონდეს ნდობა არჩევნების მიმართ. ეს გამოიწვევს კიდევ ერთ და შესაძლოა, კიდევ უფრო ღრმა განგრძობად პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში. საუბარი გვქონდა ერთის მხრივ, კონსტრუქციულ საკითხებზე, მაგრამ ასევე გვქონდა საუბარი ძალიან პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც უნდა მოგვარდეს უახლოეს მომავალში, თუ გვსურს, რომ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია იყოს მართლაც წარმატება და წავიდეთ წინ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.