“თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე – თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა“
„საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოადგენს ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებითა და ტრანსფორმაციის პროცესით საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანის, ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას“, – ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრმა პარლამენტარებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიში წარუდგინა.
მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის ძირითადი მიზნები მოიცავს შეკავებასა და თავდაცვას, რაშიც თავდაცვის ძალებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. „ეფექტური და ბრძოლისუნარიანი, თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვილი, მაღალი მზადყოფნის თავდაცვის ძალები ხელს უწყობს მოწინააღმდეგის შეკავებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანას“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულებისთვის თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე: თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა. პრიორიტეტების განხორციელების პროცესში, თავდაცვის უწყება ეყრდნობა გრძელვადიან და სისტემურ მიდგომებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია უწყების კონცეპტუალურ დოკუმენტებში.
„ეს დოკუმენტები აყალიბებენ სისტემურ ხედვებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გვაქვს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა, სადაც საუბარია შემდეგ პრიორიტეტებზე: ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ასევე, მიმდინარე წელს ჩვენ დავამტკიცეთ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“ და ყოველწლიური „მინისტრის დირექტივები“, რომლებიც საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში განსაზღვრავენ მიზნების მიღწევის ცალკეულ ღონისძიებებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნული დოკუმენტების შექმნაში სტრატეგიული პარტნიორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.