სალომე სამადაშვილი: მომავლისთვის უნდა დავხუროთ წარსული და გავერთიანდეთ საერთო გეგმების გარშემო
“მე და ჩემმა კოლეგებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ძლიერი ფრაქცია „ლელოსა“ და პარტნიორების სახით, დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში იწყება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი”, – ამის შესახებ პარლამენტში ახალშექმნილი ფრაქციის – „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა მომავალი საერთო გეგმების გარშემო გაერთიანება.
„ის, რამაც ჩიხში შეიყვანა ეს ქვეყანა, არის უკიდურესი პოლარიზაცია ჩვენს საზოგადოებაში, რომელმაც გახლიჩა და დაანაწევრა ჩვენი საზოგადოება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ შარლ მიშელისა და ჩვენი ევროპელი კოლეგების დახმარებით გაკვალულ გზაზე ჩვენ შევძლებთ, რომ ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია და გავერთიანდეთ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელსაც სურს ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. მე და ჩემმა კოლეგებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ძლიერი ფრაქცია „ლელოს“ და პარტნიორების სახით – დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში იწყება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი – მომავლისთვის დავხუროთ წარსული, გავერთიანდეთ მომავალი საერთო გეგმების გარშემო და ეს მომავალი არის დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული, სახელმწიფო, რომელსაც ხმას აძლევს ჩვენი ყველა თანამოქალაქე და დროა, მიიღონ ის, რაც აირჩიეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.