რომან გოცირიძე: ამოუვიდა ხალხს ყელში ოციოდე სახის ყოველდღიური ყურება და იმაზე ზეემოციური მსჯელობა, “შევიდეთ თუ არ შევიდეთ”
“ქვეყანა ნახევარი წელიწადია, დაპაუზებულია. უცხოელების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება რომ არ შეგვიძლია, ეს კარგად დავინახეთ. რა ვიზამთ, ახალშობილი სახელმწიფო ვართ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ნახევარი წელია, ყველა საშუალება, რომლითაც იყურება, რომლითაც ისმინება, რომლითაც იწერება, ერთსა და იმავე ამბავს ყვება, ერთი და იმავე ადამიანების მონაწილეობით.
“ქვეყანა ნახევარი წელიწადია, დაპაუზებულია. ვის აინტერესებს ან ეკონომიკური გასაჭირი ან პანდემია. ნახევარი წელიწადია, ყველა საშუალება, რომლითაც იყურება, რომლითაც ისმინება, რომლითაც იწერება ერთსა და იმავე ამბავს ყვება, ერთი და იმავე ადამიანების მონაწილეობით. ამოუვიდა ხალხს ყელში ოციოდე სახის ყოველდღიური ყურება და იმაზე ზეემოციური მსჯელობა, “შევიდეთ თუ არ შევიდეთ”.
უცხოელების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება რომ არ შეგვიძლია, ეს კარგად დავინახეთ. რა ვიზამთ, ახალშობილი სახელმწიფო ვართ, სხვისი დახმარების გარეშე თავისუფლად სიარული რომ ჯერაც არ შეგვიძლია. გაგვიშვებენ ხელს (ამ ხელში ფინანსური მხარდაჭერაც იგულისხმება)-მოვიტეხავთ კისერს.
თითქოს მორჩა ერთი ისტორია. შევთანხმდით რაღაცაზე. ისევ უცხოელების მოწოდება და ახალი “ფასილიტაციაა” საჭირო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ?
იმდენი ელექტროენერგია დაიხარჯა ამ ამბის გაშუქებაში, ორი ნამახვანი არ ეყოფოდა. რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს?
არაა საჭირო ზედმეტი თავპატიჟი. ან შედიხარ ან არ შედიხარ და მორჩა!”, – წერს გოცირიძე.