გივი მიქანაძე – მელიას, უგულავასა და სააკაშვილის სარჩელებზე: ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ

“ეს არა მხოლოდ სამართლებრივ საფუძველს, ყოველგვარ მორალურ საფუძველსაცაა მოკლებული, ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა

მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების საჩივრებს შემდგომი გაგრძელება ვერ ექნება.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჩივარი შეიტანოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი კონკრეტული უფლების დარღვევის ალბათობის შემთხვევაშიც კი. სასამართლოს აქვს დადგენილი პროცედურა, როდესაც ის სწავლობს შეტანილ საჩივარს, ისევე როგორც კონკრეტულ ქვეყანას, მთავრობას, ხელისუფლებას გარკვეული კითხვებით მიმართავს იმ ფაქტების თაობაზე, რაც დაკავშირებულია ამ საჩივართან. შემდგომში ხდება ერთიანი სურათის შეკვრა, რის საფუძველზეც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, დაუშვას თუ არა ეს საჩივარი შემდგომ წარმოებასა და განხილვაში. სამივე მათგანს შეტანილი აქვს საჩივრები, მათი დასაშვებობის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. ეს არის ის პირველადი სტადია, რომლის პროცესშიც ნებისმიერი საჩივარი ანალოგიურად განიხილება და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ როდესაც კითხვები გამოიგზავნება და ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ, რაც მხოლოდ კანონიერებასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული, სასამართლო მათ დასაშვებითობას არ ცნობს და ამ საქმეებს, ამ საჩივრებს შემდგომი გაგრძელება ვერ ექნება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან მომჩივანი და რაზე შეაქვთ საჩივრები. ეს არა მხოლოდ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, ყოველგვარ მორალურ საფუძველს არის მოკლებული. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ნიკა მელიამ და გიგი უგულავამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები