შალვა პაპუაშვილი: რადიკალურ პარტიებს, „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შერჩათ ერთადერთი ხერხი, ეს არის ძალადობრივი ქმედება
„ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან რადიკალური პარტიები, რომელთაც კონსტრუქციული დიალოგი არ სურთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი პარლამენტის გარეთ იქნებიან თუ შიგნით.
„მთავარი არის შემდგარი ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ამ ქვეყანაში ოფიციალურად არის რადიკალური პარტია, რომელსაც არ სურს რაიმე კონსტრუქციული ურთიერთობა პარტიებს შორის. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გარეთ იქნებიან თუ შიგნით. გუშინაც განაცხადეს, რომ ხელს არ უშლის პარლამენტში ყოფნა იმას, რომ ქუჩაშიც იყვნენ. კარვები ჯერ კიდევ გაშლილია პარლამენტის წინ და, როგორც ჩანს, არ აპირებენ, ეს კარვები დაშალონ. მთავარი არის შემდეგი, ისინი არც არასდროს ყოფილან დასავლურ გზაზე და ახლა ადასტურებენ საკუთარი ქცევით, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ პროცესს, მნიშვნელობა აქვს ძალაუფლების მოპოვებას. ამისთვის ეძებენ ნებისმიერ ხერხს და ეს ერთადერთი ხერხი, რომელიც შერჩათ, არის ძალადობრივი ქმედება, არეულობა ქვეყანაში, ვინაიდან დემოკრატიული პროცესით ისინი მოქალაქეების მანდატს ვერ მიიღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.