გიორგი ხოჯევანიშვილი: რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებს გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოთხოვეს თანამდებობების დატოვება

“რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებზე მოხდა ზეწოლა, ამ ადამიანებს გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოთხოვეს თანამდებობების დატოვება”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტებს.

„დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეებზე მოხდა ზეწოლა. ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო. ამ ადამიანებს გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოსთხოვეს თანამდებობების დატოვება. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა. დღეს კი, ფაქტობრივად, პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე ძალიან კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტებს. იყვნენ გამორჩეული პროფესიონალიზმით, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით ხდება მათი გათავისუფლება, რაც ძალიან სამწუხარო, არასწორი და არაჯანსაღი პროცესია. რაც შეეხება კანდიდატობას, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ მომავალში ყველასთვის საჯაროს გავხდით კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები