გარემოს ეროვნული სააგენტო სხვადასხვა რეგიონში განთავსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ავტომატურ სადგურებზე მოსახლეობის მხრიდან გახშირებული ვანდალური ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ავტომატურ სადგურებზე მოსახლეობის მხრიდან გახშირებული ვანდალური ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სადგურების დაზიანების ფაქტები, ძირითადად, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ფიქსირდება.

“აღნიშნული სადგურების ფუნქციონირება ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. ავტომატური მოწყობილობების საშუალებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონეების მატებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე, ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა, რომლის საბოლოო მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სადგურები, ძირითადად, განთავსებულია დაუსახლებელ ადგილებზე და მდინარეების მიმდებარედ. შესაბამისად, კომუნიკაციების არარსებობის გამო, რთულდება მათი სრულყოფილი დაცვა.
სადგურების დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ათეულობით ათას ლარს აღემატება. თითოეულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, აღძრულია სისხლის სამართლის არაერთი საქმე. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, შეწყვიტოს ვანდალიზმი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები