„წავიდა ქართული კულტურისა და კინოს კიდევ ერთი თავდაუზოგავი მოამაგე“

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის, კინორეჟისორ  რამაზ (ბუბა) ხოტივარს კვირას, 9 მაისს, 15:00 საათზე, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ. – აღნიშნულია საქართველოს კინოაკადემიის სამძიმარში.
„74 წლის ასაკში, ის ვერაგმა ვირუსმა იმსხვერპლა… წავიდა ქართული კულტურის და კინოს კიდევ ერთი თავდაუზოგავი მოამაგე, საზოგადო მოღვაწე, ჭეშმარიტი მამულიშვილი, ძალიან ნიჭიერი და უბრალოდ – ერთერთი კარგი თბილისელი კაცი, რომელმაც საკუთარი ღირსებით და პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა…
ბუბა ხოტივარი მთელი ცხოვრების მანძილზე ქართულ კინოს ემსახურებოდა. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. მათ შორის: „ისლამი საქართველოში“, „მარკოზის სახარება“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“ და სხვა. იგი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი. მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა.
2019 წლიდან იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი; ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებას. იყო კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი და საქართველო-ინგლისის ერთობლივი ორგანიზაციის „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი.
მისთვის კინოსამყარო ბავშვობიდან ბუნებრივი გარემო იყო. მამა, ძმა, ბიძაშვილები – ყველანი რეჟისორები იყვნენ და ამ სამყაროში ისიც შინაურულად გრძნობდა თავს. მუსიკა გამორჩეულად უყვარდა და სერიოზულად ფიქრობდა, მუსიკოსი გამოსულიყო, თუმცა, მაინც გენმა იმძლავრა და მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩააბარა.
მართლაც დიდი სკოლა გაიარა. საქართველოში დაბრუნებული, სრულიად ახალგაზრდა, „ლაზარეს” მეორე რეჟისორად დაინიშნა, შემდეგ, შექმნილი გარემოების გამო, მარტომ დაასრულა ფილმის გადაღება.
ნანობდა, რომ ბევრი კარგი ფილმის გადაღება ვერ შეძლო, ეგონა, დრო ბევრი ჰქონდა და ყველაფერს მოასწრებდა, დრო კი უმოწყალოდ სწრაფად გაფრინდა…
გემშვიდობებით, ბატონო, ბუბა…უფალმა ნათელი დაგიმკვიდროთ შეხვედრამდე, იქ… მარადისობაში…
საქართველოს კინოაკადემია უსამძიმრებს ბატონი ბუბა ხოტივარის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელს საქართველოს“… – აღნიშნულია საქართველოს კინოაკადემიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები