რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ უნდა გაზარდოს საქმიანობის ეფექტიანობა, მანდატი და ინფორმაციაზე ხელმისწვდომობა – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რაც ხარჯთეფექტურობის საკითხებთან ერთად, საქმიანობის ეფექტიანობისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეფასებას შეეხება. ამასთან, ორგანიზაცია სააგენტოს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა თვაურის განცხადებით, ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შესწავლილიყო ინფორმაცია 2019-2020 წლებში სააგენტოში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატებისა და მათი მიზნობრიობის თაობაზე, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯებზე, სარესტორნო მომსახურებებზე, მედია-კამპანიებზე, შემუშავებული რეკომენდაციების, წინადადებებისა და კვლევით საქმიანობაზე, მათ გავლენასა და შესრულებაზე. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი მონაცემების თანახმად, 2020 წელს სააგენტოში დასაქმებული პირების მიმართ გაცემულმა ხელფასმა შეადგინა 553 604.78 ლარი, ხოლო 2019 წელს – 541 009.14 ლარი.

2019 წელს, ერთხელ გაიცა პრემია თავმჯდომარის მოადგილეზე 3 360 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წელს პრემია არ გაცემულა, თუმცა სახეზეა დანამატების სიხშირე და მოცულობითი ოდენობა, კერძოდ 2019 წელს გაცემულ სახელფასო დანამატებს შეადგენს 616 565 ლარი, 2020 წელს კი – 57 800 ლარს. სახელფასო დანამატების ტენდენცია საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა ორგანიზაცია, სააგენტოს ხარჯთეფექტურობის და მიზნობრიობის საკითხი მაინც ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან დანამატის გაცემა შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სამუშაოს შესრულების სპეციფიკით და სირთულით, განსახილველ შემთხვევაში, ასეთი განსაკუთრებული დატვირთულობა კი არ ჩანს. სააგენტოს საქმიანობა, მისი მაღალი დანიშნულების მიუხედავად, არ მოითხოვს შრომითი ძალების განსაკუთრებულ მობილიზებას და ჩართვას, წარმოდგენილი მონაცემების თანახმად კი დანამატების გაცემას სააგენტოში ყოველთვიური ხასიათი აქვს. ამასთან, ვინაიდან სააგენტო თავის საქმიანობის ფარგლებში ცდება დედაქალაქისა და ქვეყნის საზღვრებსაც, ფინანსდება თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯებიც. შესწავლის შედეგად, 2019 წელს, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ სამივლინებო ხარჯებმა ქვეყნის გარეთ შეადგინა – 16 086.55 ლარი, ქვეყნის შიგნით კი – 7 797.00 ლარი.
2020 წელს, სააგენტოს მხრიდან მივლინება ქვეყნის საზღვრებს გარეთ არ განხორციელებულა, ქვეყნის შიგნით დაიხარჯა 2 370.00 ლარი. ხარჯების მნიშვნელოვან მოცულობას იტევს სხვადასხვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებული მომსახურებები. ორგანიზაცია დაინტერესდება, რა ფორმით ახდენს სააგენტო საქმიანობის გაშუქებას. ამ კუთხით, სააგენტოს მიერ 2020-2019 წლებში, როგორც სხვა პერიოდშიც, დადებულია საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულება შპს „ახალ ამბებთან“ (ს/კ 205075014) და შპს „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსთან“ (ს/კ 204447544). 2019 წელს სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციისთვის დაიხარჯა 19 740 ლარი, 2020 წელს კი – 21 480 ლარი. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ პერიოდში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან სარესტორნო ხარჯი არ ფიქსირდება. სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება.
2019-2020 წლებში სააგენტოს მხრიდან მომზადდა 487 რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და მათი აღმასრულებელი რგოლების მიმართ, თუმცა უწყებაში რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკის შექმნა არ ხდება. საყურადღებოა მომზადებული 3 წინადადებაც და დასახელებულ პერიოდში მომზადებული ორი კვლევა: • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რომლის ფარგლებშიც – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს პროექტს: „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, რომლის მიზანია სახელმწიფო ენის შესწავლის გზით რელიგიური უმცირესობების არაქართველი სასულიერო პირების ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში; • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიმართ, რომლის ფარგლებშიც, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას დაემატა რელიგიური მსახურები; • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიმართ, რელიგიური ორგანიზაციის შეუფერხებელი მოღვაწეობის უზრუნველსაყოფად, რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა ღამით გადადაგილებისთვის საშვების გაცემასთან დაკავშირებით. • კვლევა: „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აღირიცხა დედაქალაქში მოქმედი სხვადასხვა კონფესიის საკულტო ნაგებობები, რაც, თავის მხრივ, ასახავს თანამედროვე რელიგიურ მდგომარეობას; • კვლევა: „ოკუპირებული მემკვიდრეობა – აფხაზეთის და ცხინვალის რელიგიური ნაგებობები“. აღირიცხა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მოქმედი, დანგრეული და ფუნქცია წართმეული ქართული საკულტო ნაგებობები (როგორც მართლმადიდებლური, ისე რელიგიური უმცირესობების) და დოკუმენტირდა მათი დღევანდელი მძიმე მდგომარეობა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უნდა გაზარდოს თავისი საქმიანობის ეფექტიანობა და ინფორმაციაზე ხელმისწვდომობა. ამასთან, სააგენტოს საქმიანობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ რელიგიურ კონფესიათა შორის დიალოგის მხარდაჭერითა და უზრუნველყოფით, ვინაიდან, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სახელით შეასრულოს მნიშვნელოვანი მედიატორის როლი პერიოდულად რელიგიური თემის წარმომადგენლებს შორის არსებულ უთანხმოებებზე (იხ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ინციდენტი, იანვარი, 2021) და როგორც სახელმწიფო სტრუქტურას, შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში, გააჩნდეს საჯარო პოზიცია იმ რელიგიური ხასიათის საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე, რომელთა შინაარსიც, სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულების საწინააღმდეგოა (იხ. საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლება (ს/კ 405195907), რომელიც ქადაგებს სახელმწიფო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მოძღვრებას). ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო: • ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული რეკომენდაციების პროაქტიული გამოქვეყნება ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მათ შორის რუსულ და ინგლისურ ენებზე; • ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული წინადადებების პროაქტიული გამოქვეყნება ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მათ შორის რუსულ და ინგლისურ ენებზე; • ვალდებულია უზრუნველყოს მომზადებული კვლევების გამოქვეყნება და ხელმისაწვდომობა ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მათ შორის ინგლისურ ენებზე; • ვალდებულია პირადი რესურსით ან/და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფის შესყიდვის ფარგლებში, უზრუნველყოს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, შექმნას შესაბამისი რეესტრი, მიიღოს დამატებითი ზომები რეკომენდაციათა შესრულების მიმართულებით. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი და ნდობა საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს. ამ კუთხით, შესაძლებელია უფლებამოსილების მანდატის გაზრდაც, ვინაიდან სააგენტო, რომელიც მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. სააგენტო ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება 4 500 000.00 ლარით და მას არ აქვს დაფინანსების სხვა წყაროები, როგორიცაა გრანტი. ორგანიზაცია, გააგრძელებს ამ საკითხზე მსჯელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები