როცა ხარფუხი ბოროტმოქმედებისა და კონტრაბანდისტების თავშესაფრად იქცა…

აბანოების უბანსა და ორთაჭალას შორის, თაბორის მთის ძირში, მე-18 და მე-19 საუკუნეების მიჯნაზე პატარა სოფელი, ხარფუხი წარმოიშვა. ადრე სეიდაბადად წოდებულ უბანსაც მე-19 საუკუნიდან ხარფუხი ეწოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში სოფელში ლეკების მიერ დარბეული, სოფელ წალასყურიდან გადმოხიზნული გლეხები დასახლდნენ. 1811 წელს ხარფუხი თბილისის მაზრას მიაწერეს. 1819 წელს სამოქალაქო გუბერნატორმა, ხოვენმა ოფიციალურად სთხოვა მთავარმართებელ გენერალ ერმოლოვს ხარფუხის თბილისთან შემოერთება. იგი ერმოლოვს ატყობინებდა, რომ ხარფუხში თავშესაფარს პოულობდნენ ბოროტმოქმედნი, სხვადასხვა ჯურის უპასპორტო, საეჭვო ხალხი და საქონლით დატვირთული კონტრაბანდისტები. საზღვარგარეთიდან გადმოსულ კონტრაბანდისტებს თვით ხოვენი წასწყდომია. ერმოლოვი დაეთანხმა ხოვენის წარდგენას და მისი 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, ხარფუხი, ოფიციალურად, თბილისის ნაწილად იქცა. ამ დროისათვის ხარფუხის მოსახლეობა სულ 33 კომლს (143კაცს) შეადგენდა. მიუხედავად ოფიციალური აქტისა, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხარფუხი მაინც სოფლად რჩებოდა. ცხოვრების ქალაქური წესი და სათანადო განაშენიანება მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში დამკვიდრდა.

ამ უბანში, თათრების სასაფლაოს სიახლოვეს მცირე ნაგები კედელი თუ საკულტო დანიშნულების ქვა იდგა, ხატითურთ. თბილისელების რწმენით, ამ ხატს სურდოს განკურნება შეეძლო და მასთან სურდოშეყრილი ბავშვები მიჰყავდათ. იოსებ გრიშაშვილი წერდა:

ხარფუხი (ანუ ხარბუხი) – ძველებურ სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს. მართლაც, ხარფუხის თავზე, სოფელ შინდისის გზის დასაწყისში, კლდის ქიმზე დღესაც მოჩანს პაწაწა ნანგრევები, რომელსაც „სურდოს ხატს“ უწოდებენ. სურდოიანი პაციენტი ეხლაც ესტუმრება ხოლმე ამ ხატს. ამ ხატს მოუტანს საყმაწვილო ჭინჭილებს, მიამტვრევს ხატის წინაშე და ვითომ ამით სურდო იკურნება ხოლმე.

გრიშაშვილის ქუჩის სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე დგას აგურით ნაგები და მოლურჯო შორენკეცით დახურული გუმბათიანი წმ. ნიკოლოზის ბერძნული ეკლესია, რომელიც 1853 წელს არის აშენებული.

წყარო: სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები