დღეს გიორგობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.
ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ, იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით, მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის, ბორბალზე გაკვრაც. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს.
წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღესა და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს “ქართული” ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში ამ ფაქტის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოდან გადავიდა.