გია ვოლსკი: სამადაშვილის მიერ კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურ თამაშს ჰგავს
“სამადაშვილი ცდილობს, რომ ყველას წინაშე მართალი იყოს, ასე არ გამოვა – ან საზოგადოების წინაშე ხარ მართალი, ან “ნაცმოძრაობის” წინაშე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე პროცესების ჩიხში შეყვანას ცდილობს.
ვოლსკის თქმით, სამადაშვილის ბრალდებები პოლიტიკურ თამაშს ჰგავს.
“კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურ თამაშს ჰგავს იმ ადამიანისგან, რომელიც თვითონ მოღალატედ შერაცხა იმ ჯგუფმა, ვისაც ჩამოსცილდა. მე ვფიქრობ, მან საკმაოდ სწორი ნაბიჯი გადადგა სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ცდილობს, გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომ ყველას წინაშე მართალი იყოს, ასე არ გამოვა, ან საზოგადოების წინაშე ხარ მართალი ან “ნაცმოძრაობის” წინაშე. ეს არჩევანია ყველას წინაშე, ვინც შალვა ნათელაშვილის ეზოში იკრიბებოდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.