ანრი ოხანაშვილი: ნიკანორ მელიას ხელშია, როდის დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას

“სრულად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, დარჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თუ დატოვებს ამ დაწესებულებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას ამნისტიის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის ტექსტზე ხელმოწერის დროს „ქართული ოცნება“, ქართული საზოგადოება, ევროპელი პარტნიორები იდგნენ ერთ მხარეს და ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი იმ სივრცეში არ იყო.

„ნიკანორ მელიას ხელშია, როდის დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ბევრჯერ გაკეთდა განცხადება, რომ თუ ეს ადამიანი გადაიხდის ან ევროკავშირი უზრუნველყოფს გირაოს თანხის დაფარვას, მაშინ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. ეს ავტომატურად ნიშნავს უახლოეს დღეებში მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლას. სრულად მასზეა დამოკიდებული, დარჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თუ დატოვებს ამ დაწესებულებას.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა“ და ნიკანორ მელიას ღირებულებებს, 19 აპრილის ტექსტზე ხელმოწერის დროს „ქართული ოცნება“, ქართული საზოგადოება, ევროპელი პარტნიორები იდგნენ ერთ მხარეს და ასევე ოპოზიცია, ვინც მაღალი პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი იმ სივრცეში არ იყო. ეს მრავლისმეტყველია და მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ არიან არც დასავლური, არც ევროპული და არც ევროატლანტიკური ღირებულებების ერთგული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები