ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია დღემდე ჭირვეულობს და ძალით რჩება ციხეში, რაც, ალბათ, უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში
“გირაოზე დათანხმებისთანავე ნიკანორ მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს საპატიმროდან”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია დღემდე ჭირვეულობს და ძალით რჩება ციხეში, რაც, ალბათ, უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში.
„ეს არის ბავშვური თამაშები. ყველამ იცის, გირაოზე დათანხმებისთანავე ნიკანორ მელიას შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს საპატიმროდან და ახლა უკვე ამნისტიის კანონიც იქნება მიღებული. დანარჩენი არის მათი და პირადად მელიას ბავშვური თამაში, რაც არაფერს აძლევს არც მას და არც საერთო საქმეს, რაც ქვეყანას სჭირდება. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა შეეშვას ბავშვურ თამაშებს. გირაოზე თანხმობა არის მნიშვნელოვანი და იმედი დავიტოვოთ, რომ, საბოლოოდ, ნიკანორ მელია მაინც ამ პოზიციას გამოხატავს. ის დღემდე ჭირვეულობს და ძალით რჩება ციხეში, რაც, ალბათ, უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.