შალვა პაპუაშვილი „ფაქტ-მეტრზე“: ახლა ისიც მეცოდინება, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ თქვენი ბრძოლა შერჩევითია ან უკიდეგანოდ ზანტი

თქვენს თვითქების პათოსს, მგონი, არ შეესაბამება, ნახევარი წელი ერთი მარტივი, სიყალბით სავსე ცხრილი თუ ვერ გაანალიზეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს. აღნიშნული პოსტით იგი „ფაქტ-მეტრის“ (Factcheck.ge) დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი წერს, რომ მათი „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა შერჩევითია ან უკიდეგანოდ ზანტი“.

„კარგით ახლა. არ გვინდა ეს – არიქა რეპუტაციას გვილახავენ – საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა. ცოტა ღირსეულად შეხვდით კრიტიკას. თქვენ თუ კრიტიკა თავდასხმა გგონიათ, ვერ გაგიგიათ, რომელ სფეროში საქმიანობთ.

სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას მარად უტყუარობას რაც შეეხება, იხილეთ თქვენივე გვერდის სტატისტიკა პოლიტიკოსების მიხედვით. თქვენივე ფაქტი ჯიუტია, ან თქვენივე ფაქტი – მცდარი. ასე, რომ, ჩამოყალიბდით.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ცხრილს. ამ სიტყვაწყლიანი ტექსტის მიღმა, სწორად გავიგე, რომ მაინც არ აქვეყნებთ ანალიზს და უახლოეს მომავალში არც ველოდოთ?

კარგით. ასე იყოს. მე კი ისედაც ვიცი, რომ ის ცხრილი სიყალბის მაგალითია, მაგრამ ახლა ისიც მეცოდინება, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ თქვენი ბრძოლა შერჩევითია ან უკიდეგანოდ ზანტი.

P.S. ისე ამხელა პოსტის წერაში დროის ხარჯვას, სადაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენი მიღწევებით განსაკუთრებით თავს იწონებთ, არ ჯობდა, ცხრილის ანალიზში დახარჯულიყავით? ნახევარი წელი გავიდა უკვე და მთლად თქვენს თვითქების პათოსს, მგონი, არ შეესაბამება, ნახევარი წელი ერთი მარტივი, სიყალბით სავსე ცხრილი თუ ვერ გაანალიზეთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ფაქტ-მეტრმა“ (Factcheck.ge) დღეს განცხადება გამოაქვეყნა, რითაც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ რეპუტაციის შელახვის მცდელობის მიღმა, არაერთ უზუსტობას შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები