სტიქიური უბედურება, ატომური აფეთქება და სხვა – რამ აქცია ერთ დროს აყვავებული ქალაქები „მოჩვენებებად“
ბოლო დროს მოგზაურებისთვის პოპულარული გახდა ე.წ. „საზარელი ტურიზმი“, რომელიც მათ მიტოვებული ქალაქებისა თუ სოფლების მონახულებას სთავაზობს. პირველ რიგში, ეს პოპულარულია მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის, მეორე მხრივ კი, შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებად. ამ სტატიაში მიტოვებულ ქალაქებს გთავაზობთ. იქნებ, თქვენც მოიხიბლოთ მათი იდუმალებით.
1.კრაკო
სიის პირველი ნომერია პატარა ქალაქი კრაკო, რომელიც მერვე საუკუნეში დაარსდა და იტალიის სამხრეთით მდებარეობს. ერთ დროს იქ 1500 ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან მათ სახლები მიატოვეს. ამის მიზეზი სტიქიური უბედურებები გახდა. 1963 წელს ხალხის ევაკუაცია მეწყერის გამო მოხდა. ათი წლის შემდეგ წყალდიდობა, კიდევ 10 წლის შემდეგ მიწისძვრა… დაახლოებით, 1980 წელს კრაკოში აღარავინ ცხოვრობდა, მაგრამ ექსკურსიები ტურისტებისთვის გრძელდება. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა სასწაულებრივად გადარჩენილი ღვთისმშობლის ქანდაკება. გარკვეული დროის მერე კრაკომ კინემატოგრაფიული ინტერესი მოიპოვა. აქ გადაღებულია „ქრისტეს ვნებანი“ და „ჯეიმს ბონდი“.
2.ტერლინგუა
მომდევნო ქალაქია ტერლინგუა, ტეხასის შტატში. თუკი 1903 წელს აქ, დაახლოებით, 3000 ადამიანი ცხოვრობდა, 2010 წლისთვის მხოლოდ 58 დარჩა. ამის მიზეზი მინერალ კინოვარის დეფიციტია, რომელსაც ქალაქში მოიპოვებდნენ. დღეს ტერლინგუაში ჯერ კიდევ არის სიცოცხლე, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე ოჯახია, რომელიც ტურისტებს მცირე საექსკურსიო პროგრამებს სთავაზობს მტვრიან ეკლესიებსა და ფერმებში.
3.პრიპიატი
ქალაქი პრიპიატი უკრაინაში, კიევიდან 94 კილომეტრში მდებარეობს. ეს ყველაზე ცნობილი ქალაქი-მოჩვენებაა მსოფლიში. ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებამდე პრიპიატში 50 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ქალაქში ცარიელია სკოლები, კინოთეატრები, საავადმყოფოები, მაღაზიები სადაც ყველაფერი 1986 წლის 26 აპრილიდან ჯერაც თავ-თავის ადგილას აწყვია.
4.ვირჯინია სითი
ვირჯინია სითი შტატ მონტანაში 1863 წელს დაარსდა და დაახლოებით, 10 ათას მოსახლეს ითვლიდა. დღეს აქ არავინ ცხოვრობს. ქალაქი-მოჩვენების მთავარი ადგილი – საოპერო თეატრია.
5.კოლმანსკოპი
საკუთარი ქალაქი-მოჩვენება აფრიკის უდაბნოსაც აქვს. მას კოლმანსკოპი ჰქვია. 1900-იან წლებში აქ ალმასი მოიპოვებოდა და შესაბამისად, ადამიანებიც იყვნენ – გერმანელი მეშახტეები. მათთვის აშენებული იყო რესტორნები, კაზინო, ბოულინგ-კლუბები და ა.შ, მაგრამ ალმასის იმპერიაც დაინგრა. მართალია, მთელი დიდებულება ქვიშის ქარიშხალმა დაფარა, თუმცა სანახაობა აქ ახლაც არის.