მეუფე გრიგოლი: ერთმანეთს შენდობა უნდა მივცეთ, რათა ის სასარგებლო თანხმობა ჩამოყალიბდეს, რომელიც ჰაერივით გვჭირდება, ეს თანხმობა საჭიროა ეკლესიაშიც და პოლიტიკაშიც
“ერთმანეთს შენდობა უნდა მივცეთ, რათა ის სასარგებლო თანხმობა ჩამოყალიბდეს, რომელიც ჰაერივით გვჭირდება მთელ ერს. ეს თანხმობა საჭიროა ეკლესიაში, პოლიტიკასა და ნებისმიერ სფეროში”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისივე თქმით, ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს მხოლოდ მტერი ნახულობს.
„ვფიქრობ, ყოველგვარ არეულობაში, რომელიც ქვეყანაში შესაძლოა მოხდეს ან მომხდარა, ყოველთვის არსებობდა დაინტერესებული მხარე და ეს დაინტერესებული მხარე იყო საქართველოს არაკეთილმოსურნე. ბუნებრივია, ჩვენ არასდროს დაგვიხუჭავს თვალი იმაზე, რომ ეს არაკეთილმოსურნე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, რომელიც დღემდე ვერ ეგუება და ეჭვი მეპარება, ხვალ და ზეგ შეეგუოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების გზას. ჩვენ უფრო უკეთ უნდა ვისწავლოთ ამ დამოუკიდებლობის გზაზე სიარული, რათა არ აღმოვჩნდეთ სხვადასხვა პროვოკაციის მსხვერპლი. ჩვენი ურთიერთდაპირისპირებით მხოლოდ მტერი ნახულობს სარგებელს და ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რაღაცებს გადავაბიჯოთ და ერთმანეთს შენდობა მივცეთ, რათა ის სასარგებლო თანხმობა ჩამოყალიბდეს, რომელიც ჰაერივით გვჭირდება მთელ ერს. ეს თანხმობა საჭიროა ეკლესიაში, პოლიტიკასა და ნებისმიერ სფეროში ცხოვრებისა, რადგან თუ სხვადასხვა მხარეს გავწიეთ ჩვენი ურემი, ის არ წავა, ერთ ადგილზე იქნება გაჩერებული“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.