“ქართული საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომლებიც, თითქოსდა, წვრილმანი ხულიგნობის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ურთიერთზიზღის შექმნის წყაროდ იქცა”

“თუ ასეთი ერთი ფაქტი მაინც იქნა დაშვებული, რომ ეჭვქვეშ დადგება კანონის მართლზომიერი გამოყენების საკითხი უკანონოდ და გადაჭარბებული სიმკაცრით, კანონი გადახედვასაც მოითხოვს, მაგრამ ამ ეტაპზე მან უპასუხა იმ გამოწვევებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგად დაინახა, რომ, პრაქტიკულად, ქართული საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომლებიც, თითქოსდა, წვრილმანი ხულიგნობის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ურთიერთზიზღის შექმნის წინაპირობად და წყაროდ იქცა.

„წვრილმანი ხულიგნობა გამოყენებული იქნა, როგორც მექანიზმი, გეგმაზომიერი ქმედება კონკრეტული ადრესატებისადმი, მათ შორის არიან სამართალდამცავებიც, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფოს წარმოადგენენ. ამას სჭირდება გარკვეული რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ეს არანაირად არ უნდა ნიშნავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. თუ ასეთი ერთი ფაქტი მაინც იქნა დაშვებული, რომ ეჭვქვეშ დადგება კანონის მართლზომიერი გამოყენების საკითხი უკანონოდ და გადაჭარბებული სიმკაცრით, კანონი გადახედვასაც მოითხოვს, მაგრამ ამ ეტაპზე მან უპასუხა იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას და სერიოზულ დესტაბილიზაციას განაპირობებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას – ეს პათოსი გასაგებია, რადგან მათ და ევროკავშირს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ამ ვითარებაში აღებული და მიაჩნია, რომ პარტიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოლაპარაკება და მყარი გარანტიები რაც მათ მიიღეს პოლიტიკური სუბიექტებისგან, არ უნდა იყოს საფრთხის ქვეშ დაყენებული ამ საკანონმდებლო ინიციატივით, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს კანონი, მისი არსი და სულისკვეთება გამოყენებული იქნება საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და არა – ვინმეს უფლებების შელახვისთვის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები