ტაჯიკეთ-ყირგიზეთს შორის კონფლიქტი ღრმავდება – დაღუპულია 13 მშვიდობიანი მოქალაქე, 130-ზე მეტი დაშავებულია

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაჯიკეთთან შეტაკების დროს 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 134 კი დაშავებულია.

ამასთან, ტაჯიკეთს თავის მხარეს დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 29 აპრილის საღამოს მდგომარეობით, 3 დაღუპულისა და 31 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.

ქვეყნებს შორის საზღვარზე დაპირისპირება გუშინ დილით დაიწყო, რა დროსაც მათ შორის იყო გამოყენებული მძიმე შეიარაღებაც.

კონფლიქტის წამოწყების მიზეზი წყლის რესურსების გადანაწილების საკითხი გახდა.

შექმნილი ვითარების გამო, შეშფოთება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში გამოთქვეს.

დუშანბეში მყოფმა, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა ვითარება ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს მდივნებთან განიხილა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა დარეგულირდეს.

ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ ტაჯიკეთი ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. დაპირისპირება მხარეებს შორის ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ღამით კი კონფლიქტი გამწვავდა და ტაჯიკეთის მოსახლეობის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

ოთხი ყირგიზელი დაიჭრა. ყირგიზეთმა ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო.

ტაჯიკური მხარე კონფლიქტის გაღვივებაში ბრალს ყირგიზეთს სდებს და აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად ტაჯიკეთის შვიდი მოქალაქე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები