სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სერ სტიუარტ პიჩის შეხვდა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გრძელდება და ვითარდება. საქართველო ურყევად დგას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საჭიროა ქვეყანაში ნატო-ს წარმომადგენლობითობის გაზრდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას.

პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა. პრეზიდენტმა ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისა და ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესახებ.

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხი და ამ მიმართულებით ნატო-ს მეტი ჩართულობა.

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სერ სტიუარტ პიჩიმ აღნიშნა, ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

მხარეებმა ავღანეთში ნატო-ს საერთაშორისო მისიასა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები