გიორგი ვაშაძე – ოპოზიციას: არასწორია ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა, თუ ერთმანეთს დავკბენთ, წარმატებას ვერ მივაღწევთ
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, ვისაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და აცხადებს, რომ ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა არასწორია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის დოკუმენტი ზედმიწევნით აღსრულდეს.
“მინდა, მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც არ შეუერთდნენ შეთანხმებას. არასწორია და უსამართლო ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა. ნუ ეძებთ მიზეზებს, აუცილებელად ვაჩვენოთ, რომ რაღაც არის ცუდად. ჩვენი ერთად დგომა და გაერთიანება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი, ევროპული თანხმობის დოკუმენტი ზედმიწევნით აღსრულდეს. ამიტომ, მოგიწოდებთ, ნუ ხართ ჩასაფრებულ პოზიციაში. ეს დოკუმენტი არის ჩვენი საერთო ბრძოლით მიღწეული დოკუმენტი, რომელიც არის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დოკუმენტმა უკვე დაიწყო შედეგების მოტანა, ამიტომ გავერთიანდეთ. დავეხმაროთ ერთმანეთს. მთავარი ამოცანა, “ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების არსად წასულა. თუ ერთმანეთს დავკბენთ, თავს დავესხმებით, ჩავუსაფრდებით, მიზეზებს მოვუძებნით, ვერ მივაღწევთ წარმატებას”, – განაცხადა ვაშაძემ.