შალვა პაპუაშვილი: თუ ნიკა მელიას ბრალი დადასტურდება, მაშინ მან უნდა აიტანოს ბევრი რამ, როცა ამნისტიაზე ვსაუბრობთ, ამნისტია გულისხმობს პატიებას, დავიწყებას
“თუ ნიკა მელიას ბრალი დადასტურდება, მაშინ მან უნდა აიტანოს ბევრი რამ, როცა ამნისტიაზე ვსაუბრობთ, ამნისტია გულისხმობს პატიებას, დავიწყებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტია გულისხმობს საკითხის დახურვას, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ამნისტიის ნაწილი.
„ჩვენ ვერ ვთანხმდებით ერთ მთავარ საკითხში – უნდა იყოს თუ არა ეს ამნისტია გვერდის გადაფურცვლა. ჩვენ ამ სულისკვეთებით ამოვდივართ, როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე და ჩვენი პროექტი სწორედ ასეთი არის, რომ ეს იყოს ამ საკითხის დახურვა, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ამნისტიის ნაწილი. ასეთებია კონვენციური დანაშაულები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.
ნიკა მელიას ბრალი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, იმ წაყენებული ბრალით, რომელიც მას აქვს, არის მოძალადე. მას სწორედ ძალადობაზე აქვს წაყენებული ბრალი, თუ დადასტურდება, აღმოჩნდება, რომ ის არის მოძალადე. თუ პარლამენტი მზად არის, აიტანოს, მოძალადე შემოვიდეს პარლამენტში, თუ მისი ბრალი დადასტურდება, მაშინ მან უნდა აიტანოს ბევრი რამ, როცა ამნისტიაზე ვსაუბრობთ. ამნისტია გულისხმობს პატიებას, დავიწყებას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის შესახებ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კანონპროექტებს წარადგენენ. მმართველმა გუნდმა კანონპროექტის თავისი ვერსია უკვე დაარეგისტრირა, ოპოზიცია კი ამას დღეს გააკეთებს.