სალომე სამადაშვილი: შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ
“შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი იმედოვნებს, რომ შეთანხმების პუნქტები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დაირღვევა.
„მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება, უნდა აღვუდგინოთ ქართველ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით. შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და რომლის განსახორციელებლადაც მოვედით დღეს აქ, საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოში, არის მართლაც გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების როგორც ყველა პუნქტი, ასევე, მისი სულისკვეთება არ დაირღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა სამადაშვილმა.