ერდოღანმა და ალიევმა ბაიდენის განცხადება განიხილეს

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის გამოცხადების თაობაზე გაკეთებული განცხადება განიხილეს.

აღნიშნულის შესახებ თურქული ტელევიზია NTV იუწყება.

„სატელეფონო საუბრის დროს ორი სახელმწიფოს ლიდერმა, სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება განიხილეს“,- ავრცელებს მედია.

ალიევმა ამერიკის ლიდერის სიტყვებს „ისტორიული შეცდომა“ უწოდა. მისი თქმით, ასეთი განცხადება მიუღებელია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაიდენის სიტყვებმა რეგიონში ურთიერთობების ტენდენციების ფორმირებას ზიანი მიაყენა. როგორც ბაქოში აცხადებენ, ამერიკელი ლიდერის განცხადება: „ამახინჯებს ისტორიულ სიმართლეს 1915 წელს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და ეს სამწუხაროა“.

შეგახსენებთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში, სხვადასხვა მონაცემებით, 700 ათასიდან 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა, ვინც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ოფიციალურად თურქეთის ხელისუფლება მკვლელობას გენოციდად არ მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები