შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და თავად ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა თუ ეჩქარებათ, შეუძლიათ, გირაო გამოიყენონ ან ამნისტიას დაელოდონ
“ამნისტია შეეხება 19-20 ივნისის საკითხებს, გირაოს გადაიხდის ევროკავშირი, ხოლო „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და თავად ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა თუ ეჩქარებათ, შეუძლიათ, გირაო გამოიყენონ”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ არ ეჩქარებათ მელიას ციხიდან გამოსვლა, ამნისტიას უნდა დაელოდონ.
„შეთანხმებაში ყველაფერი დეტალურად არის მოწესრიგებული და განმარტებებია გაკეთებული. სპეკულაციების ერთადერთი მიზანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომელებმაც ეს შეთანხმება ვერ ჩაშალეს, ახლა მისი აღსრულება ჩაშალონ. კითხვის დასმა ხდება, რომ თითქოს არსებობს რაიმე ღია საკითხი. ბოლო შეხვედრაზე ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენელი ჩაგვერთო და შეთანხმებიდან მხოლოდ ამ პუნქტზე ჩათვალა საჭიროდ, რომ კიდევ ერთხელ მოეცა განმარტება, თუ რას გულისხმობს ევროკავშირი ამ პუნქტში. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ამნისტია შეეხება 19-20 ივნისის საკითხებს, გირაოს გადაიხდის ევროკავშირი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და თავად ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა თუ ეჩქარებათ, შეუძლიათ, გირაო გამოიყენონ. თუ არ ეჩქარებათ, უნდა დაელოდონ ამნისტიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.