“გამორიცხულია, რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდეს პირდაპირი მონაწილეობა ან მცდელობა მაინც იმ სტრესის ორგანიზებაში, რაც საქართველოს დღეს ემუქრება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ შეთანხმების ხელმოწერაზე ოპოზიციის ნაწილის მიერ უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.
“კონსპირაციაზე ლაპარაკი არ არის, როცა მასალა არ გიდევს წინ, მაგრამ საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, იმ ანალიზისა და დოკუმენტების საფუძველზე, რაც გამაჩნია, რომ აქ კონსპირაციის გარკვეული ნაწილიც დევს. გამორიცხულია, რუსეთის ფედერაციას არ ჰქონდეს მცდელობა მაინც ან პირდაპირი მონაწილეობა იმ სტრესის ორგანიზებაში, რაც საქართველოს დღეს ემუქრება. იგივე ბრალდებები იყო აშშ-ის არჩევნების სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, რომელიც გაცილებით უფრო დაცულია ყველანაირად, ტექნიკურად, ინტელექტუალურად და ემოციითაც. ასე რომ, ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ ხალხს, ვისაც უნდა, რომ მიტინგზე მივიდეს და თან ევროკავშირის დროშა უჭირავს, დაფიქრდით, ვის გვერდზე დგახართ, ვის წისქვილზე ასხამთ წყალს”, – განაცხადა ვოლსკიმ.