საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარეკ შჩიგელთან გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში. მან მისიის ხელმძღვანელს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში საქართველოს კონტრიბუციაზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები