დავით ბაქრაძე გიორგი რურუას შეწყალებაზე:  მოვუწოდებ პრეზიდენტს, აღარ გადადოს 

ამ პროცესში მთავარი საკითხი სწორედ პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლებაა. ეს თემა დადგა და ის დააყენა პრაქტიკულად ყველა გამომსვლელმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, ეს არის გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტ მიშელისგან მოვისმინეთ, არის ის, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით პროცესში მისი ჩართულობა არ სრულდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტის სრულად შესრულებას, მის იმპლემენტაციას. ამ პროცესის მონიტორინგში მონაწილეობას მიიღებენ ელჩებიც და შარლ მიშელიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის პირადად და კოლეგების დიდი ნაწილისთვის ამ პროცესში მთავარი საკითხი სწორედ პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლებაა. ეს თემა დადგა და ის დააყენა პრაქტიკულად ყველა გამომსვლელმა. ჩემთვის ეს იყო მთავარი თემა და ახლაც ვიმეორებ -მიმაჩნია, რომ გზას სხვა საკითხების შესრულებისკენ გახსნის მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება.

პრეზიდენტი მიშელი ამ მიდგომას იზიარებს, მისი პოზიციაცაა, რომ ეს უნდა იყოს საკითხი, რომლითაც დაიწყება ხელშეკრულების შესრულება და რომელიც მეტ შესაძლებლობას შექმნის, რომ უფრო მეტ საკითხსა და რეფორმებზე ვისაუბროთ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ეს, მათ შორის პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, ეს არის გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან. გეტყვით იმასაც, რომ მნიშვნელოვანი რაღაც მოვისმინეთ, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ნიკა მელიას პერსონალურ ნებას და გადაწყვეტილებას და ამ ფარგლებში უნდა მოიძებნოს გამოსავალი“, – განაცხადა ბაქრაძემ, რომელმაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდა, „რურუას შეწყალება აღარ გადადოს და ეს დღეს ან ხვალ, უახლოეს დღეებში გააკეთოს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები