ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, ხოლო რადგან  ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე უარს ამბობს,  ამნისტიის კანონი  დარეგისტრირდება – გიორგი ვაშაძე

გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს კი ნუ დავიწყებთ და ისევ ლანძღვა-გინებაზე კი ნუ გადავალთ, რაც ხელში გვიჭირავს, ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებასა და იმპლემენტაციაზე გვქონდეს საქმე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, მედიატორ შარლ მიშელთან „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, ვაშაძის თქმით, რადგან ის უარს აცხადებს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, ამნისტიის კანონი დარეგისტრირდება.

„დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია, მაგრამ იმისთვის, რომ გაფორმდეს კრიზისის დაძლევა, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება და ამაზე მოგახსენებთ, მაგრამ გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს კი ნუ დავიწყებთ და ისევ ლანძღვა-გინებაზე კი ნუ გადავალთ, რაც ხელში გვიჭირავს, ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებასა და იმპლემენტაციაზე გვქონდეს საქმე და ამაზე იყო საუბარი ბატონი შარლ მიშელის მხრიდანაც. ეს იყო მთავარი გზავნილი.

ველოდები გიორგი რურუას შეწყალებას, ამაზე საუბარი გვქონდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი. პირადად ვაცხადებ, რომ ჩემი ხმა ექნება ამნისტიის კანონს იმისთვის, რომ ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებიდან გამოვიდეს. მანამდე ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, რომელშიც ვართ. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი, რომ ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია. მოვუწოდებ ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც და ვთხოვ, რომ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციების დრო აღარ არის“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები