ნინო ლომჯარია: პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს

პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს და თუ შეთანხმება სიტუაციის სტაბილიზაციისთვის შედგა, ჩემი რეკომენდაციაა, ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღოს , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც, მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან ერთად რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

მისივე თქმით, მელიას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

„შეთანხმების ერთ-ერთი საგანი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ბუნებრივია, სახალხო დამცველი ამ პროცესებში ჩართულია. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხების გარშემო მესაუბრა, რას ფიქრობს თავად. გვქონდა ძალიან ზოგადი საუბარი. ნამდვილად არ გამოვსულვარ ციხიდან იმ მიზნით, რომ ნიკას დანაბარები საზოგადოებას გადავცე, ამ ფუნქციას ალბათ, მისი ადვოკატები შეასრულებენ. მე დამრჩა შღაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ მას ჯერჯერობით პოზიცია არ შეუცვლია, არ ვიცი რა იქნება ხვალ, ან რა შეიძლება იმის წინაპირობა გახდეს, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. ის თვლის, რომ გირაო ამ შეთანხმების საგანი არ ყოფილა, ასევე საუბრობს იმაზე, რომ მასთან გირაოსთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან არ ყოფილა.

ჩემი პოზიციაა ის, რომ პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს, ეს გირაოს შეფარდების გარეშეცაა შესაძლებელი. თუ ხელშეკრულება იმისთვის არის დადებული, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, ეს გადაწყვეტილება შეუძლია ძალიან თავისუფლად მიიღოს. მე და ნიკა მელიას ამის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა, ჩემი რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით იქნებოდა, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, ვერ გეტყვით, რა გეგმები აქვს პროკურატურას, ან ხელისუფლებას, რადგან თავად ხელშეკრულება ამნისტიაზე საუბრობს და თუ ამნისტიის აქტი იქნება მიღებული, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. ნიკა მელია თვლის, რომ მან გირაო არ უნდა გადაიხადოს, ამბობს, რომ ციხეში იმის გამო ჩაჯდა, რომ მისი მხრიდან გირაოს გადახდა სამართლიანი არ იყო. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების გამოსავალი გირაოს გადახდა არ უნდა იყოს”,- განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ლომჯარიამ განმარტა, მელიასთან პოლიტიკურ შეთანხმებაზე არ უსაუბრია და თემა, მხოლოდ მის გათავისუფლების საკითხს შეეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები