თუკი არის საჭიროება, საქართველოს მიენიჭოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, ასევე არსებობს საჭიროება, ანალოგიური MAP-ი მივცეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის, რაც ევროკავშირმა უნდა განიხილოს.
„ვფიქრობ, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ევრონესტში. ვხედავ ჩვენი მხრიდან დიდ საჭიროებას, შევქმნათ უფრო მეტი შესაძლებლობა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უფრო ამბიციური არიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრიდან გასულ წელს ევროპარლამენტში განხილული იდეები, როგორიცაა სექტორული ინტეგრაცია, უნდა იყოს უფრო კონკრეტული.
ყველა ამ იდეას უნდა ჰქონდეს მკაფიო ნიშნულები და მკაფიო პრაქტიკული საგზაო რუკა, თუ სად მიგვიყვანს ეს ინტეგრაცია, რა სახის სარგებელს მიიღებენ ქვეყნები, თუ ამ მიზანს მიაღწევენ. ვიტყოდი, რეალურად თუ ვაცნობიერებთ, რომ არსებობს საჭიროება, საქართველოსა და უკრაინას მიენიჭოთ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, ასევე არსებობს საჭიროება, ანალოგიური MAP-ი მივცეთ ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. სწორედ ეს არის, რაც ევროკავშირმა უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კუბილიუსმა.
წყარო: 1TV.GE