გიორგი გახარიას გუნდი შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს
საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს.
პარლამენტისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, შეთანხმება არსებული კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობაა.
“მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მსურს, გახარიას გუნდის წევრების პოზიცია დავაფიქსირო: პოლიტიკოსების ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აქედან უდანაკარგო გამოსავალი, უბრალოდ, აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არაკომპეტენტური აღსრულებითა და პარტიაში შევარდნის გზით ეს საქმე პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად აქციეს, ამით შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი.
ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯმა ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იდეალური შეთანხმება. ეს არსებული კრიზისის განმუხტვისა და შემცირების შესაძლებლობაა, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ და დოკუმენტს ხელს მოვაწერთ”, – აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.