ჯანმო-მ პანდემიის დასრულების ვადები დაასახელა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მიიჩნევს, რომ კოვიდ19-ის პანდემიის შეკავება უკვე უახლოეს დროში იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, “ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ პანდემია კონტროლზე ავიყვანოთ უკვე რამდენიმე თვეში, თუ მათ დაბალანსებულად და თანმიმდევრულად გამოვიყენებთ”.

ამასთან, გებრეისუსმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ვირუსი 25-59 წლის ასაკის ადამიანებში მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვრცელდება.

ორგანიზაციის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა, მარია ვან კერკხოვემ აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელება ისეთ ასაკობრივ ჯგუფშია გაზრდილი, რომლებშიც ადრე არც შეინიშნებოდა. მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში ასაკობრივი ჯგუფების ცვლილებაა და ამის მიზეზად ის სოციალურ კონტაქტებს ასახელებს.

რაც შეეხება მსოფლიოში ეპიდვითარებას, ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით კიდევ 724 720 ადამიანი დაინფიცირდა, ჯამურად, 141 057 106 დადასტურებული ფაქტია; ვირუსს კიდევ 10 955 პირი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან 3 015 043 ლეტალური შემთხვევაა.

ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 39% დაფიქსირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 285 133; მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა – 206 984; მესამეზე ევროპა – 156 016.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები