ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა – სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
“ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, დავით ალადაშვილის განცხადებით, კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აკრძალულია.
ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება.
ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნის ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.
ეროვნული სატყეო სააგენტო, მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.